კალათბურთი

14:15 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა შთამბეჭდავი მატჩი ყატარში

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალმა” ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო, ქართველმა კალათბურთელებმა კი აღნიშნულ ქვეყანაში გადაბარგების შემდეგ, საუკეთესო თამაში ჩაატარეს.

“ალ შამალმა” შინაურ კედლებში “ალ რაიანს” 91:79 სძლია, მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) კი ცინცაძე გახდა, რომელმაც 33 წუთში შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა.
გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 16 ქულას, 17 პასი, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიაყოლა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ცინცაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და მან მცირედით აჯობა დოჰელთა უმთავრეს ბომბარდირ მოჰამედ ჰარატის (31), რომელმაც ამჯერად 24 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.
შედეგიანად გაისარჯა ბერიშვილიც, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. 40 წუთის განმავლობაში მიშას მონაგარი 20 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.
ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 4 ორქულიანი და 13-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
“ალ შამალმა” 8 ტურში 7 მოგება მოაგროვა და კვლავაც პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს “ალ სადთან”.

0.139284