ბლოგი

17:40 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ანუნციატა დ რივერა“

პალერმოს პორტთან დომინოს ქვებივით ერთმანეთზე მიჯრით ჩამწკრივებული ღია ბარებიდან სულ ადვილად მიხვდებით, რომელია ტურისტებისთვის გამიზნული, სიბრჭყვიალით აღსავსე ალაგი და სადაა ადგილი, სადაც ადგილობრივი ტიფოზები იკრიბებიან. ყველა ქალაქში და მათ შორის თბილისშიც ადგილობრივები ნაკლებად მოსურათხატებულ, მაგრამ შინაურულ და უბრალო ბარებს ეტანებიან, სადაც ფეხბურთი სპორტული სანახაობის გარდა ხალხის ნახვის მიზეზიცაა. ხალხი კი პალერმოს პორტსმიმდებარედ რომაა - ეგეთი უნდა...

თუ დაგავიწყდათ მე შეგახსენებთ, რომ სიცილიის მთავარი ქალაქის მთავარი კლუბი “პალერმო“, დღეს იტალიის რანგით მეორე ლიგაშია და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პალერმოელები სერია „ბ“-ს ლიდერები არიან, ბარ “ანუნციატა დ რივერას“ მუდმივ სტუმარს, ღრმად პატივცემულ ალფრედოს მიაჩნია, რომ “პალერმომ“ შარშან სერია “ა“-დან გავარდნით კიდევ ერთი საშვილიშვილო სირცხვილი ჭამა და ამ სირცხვილის ჩამორეცხვას წლები დასჭირდება.

იმ დღეს “პალერმო“ აუტსაიდერ “კარპის“ გასვლაზე ხვდებოდა და ვარდისფერმაისურიანი შავტუხა ბიჭები დილიდანვე დარბოდნენ ქალაქში დროშების ქნევით და ხმაჩახლეჩვითი ღრიალით. საერთოდ ვერ მიხვდებოდით, რომ ამ ქალაქის გუნდი რანგით მეორე ლიგაში ყვინთავს და პირადად მე ვერც იმას ჩავწვდი, რატომ უნდა იდგეს დილიდანვე, აივანზე 80 წლის დედაბერი, რომელსაც ხელში სიცილიის რეგიონის დროშა უჭირავს და საღამომდე ასკილივით აკანტურებდეს თავს.

სიცილიელებმა ბეჩავ “კარპის“ გოლი თამაშის დაწყებიდან მეხუთე წუთზე გაუტანეს და გოლის გატანისთანავე ძლივს ავიცილე ბარში, გვერდით მაგიდიდან გამოსროლილი ნახევრად შესანსლული საზარელი შესახედაობის თევზი, რომელიც ბლანჟეან ჯეელს და მის თანმხლებ პუტკუნა გოგონას აეღოთ, გოლის გატანა კი იმ თევზს “აეღო საკუთარ თავზე“. ეკრანის წინ, პალერმოელთა ახალგაზრდა წვრთნელის, რობერტო სტელონეს ფოტო იწონებდა თავს და თუკი იმ ფოტოზე მრავალგზის შესხმული ღვინისა და კერძების ნაშთებს გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ ყოველ დაკარგულ ქულას უკვე ეს სურათი „იღებდა საკუთარ თავზე“.

მინდა აქედანვე გითხრათ, რომ იტალიური ლუდი დიდი ვერაფერიშვილია და თუკი სიცილიაზე კაცი რაიმეს უნდა დაეძალოს, ეს თხის დიდებული ყველი, მანდარინის უცნაური ღვინო და გენიალური სიცილიური წითელი ღვინოებია. მაგრამ რაკი ფეხბურთია და ფეხბურთს მაინც ლუდი უხდება, უმეტესობა იტალიურ ლუდს სვამდა და მხოლოდ რამდენიმეს გვედგა ღვინო. ეს ერთობ დიდ კმაყოფილებას ანიჭებდა ბარმენ ენცოს, რომელსაც მიაჩნია, რომ იტალიური ღვინო და მის მიერ ერთადერთხელ დალეული ქართული „სპერვი“ (სწორედ ასე ეძახდა საფერავს) თანაბრად მაგარი ღვინოებია და სწორედ ამიტომაც დადგა დრო, რომ ფრანგებმა ყურძნის საწური გვერდით გადადონ და გზა ჩვენ დაგვითონ!

მესამოცე და 75-ე წუთზე პალერმოელებმა უკვე მიჯირყვნილ მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანეს და ნათელი გახდა, რომ კუნძულელები მორიგ სამ ქულას ჩაიწერდნენ გრაფაში. სწორედ მესამე გოლის მერე ატყდა დიდი სმა, ბოკლების მიჭახუნება და გამარჯვების შეძახილები. მიუხედავად ევროკავშირის ცნობილი აკრძალვისა, უმეტესობა გემრიელად აბოლებდა სიგარეტს და რამდენიმემ სიგარაც კი ამოაცოცა ჯიბიდან.

ღმერთმა ამრავლოს კარგი ბარები ამქვეყნად, სადაც უბრალო, კარგი ხალხი იკრიბება, უყურებს ფეხბურთს და ალალად უხარიათ ყველა გამარჯვება და ცრემლიც მრავალგზის დასდენიათ მარცხისას. ჰოდა, თუკი პალერმოში მოხვდებით, აუცილებლად ესტუმრებთ იქვე, პორტთან ახლოს მდებარე ციცქნა ბარს, “ანუნციატა დ რივერას“, სადაც კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ამქვეყნად ნამდვილი, ალალი და ჯიგრიანი ქომაგობა ჯერ კიდევ არსებობს! პალერმოში ფეხბურთი ცოცხალია!

0.121806