გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალმა” ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში მე-5 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.
ქართველ ლეგიონერთა კლუბმა სტუმრად “ალ აჰლის” 84:74 სძლია, ჩვენებურებმა კი წარმატებაში ტრადიციულად სოლიდური წვლილი შეიტანეს.
ცინცაძემ მოედანზე 38:55 წუთი გაატარა და 8 ქულა, 4 მოხსნა, 11 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 7-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბერიშვილმა 36:41 წუთი ითამაშა და გუნდს 18 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მიშამ 6-დან 3 ორქულიანი და 10-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ალ შამალის” ლიდერობა ამჯერადაც მოჰამედ ჰარატიმ იკისრა, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა – 30 ქულა, 17 მოხსნა.
ქართველ კალათბურთელთა გუნდი საატურნირო ცხრილში “ალ სადთან” ერთად პირველ-მეორე პოზიციებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 8 იანვარს, ისევ სტუმრად, ერთ-ერთ აუტსაიდერ “ალ ხორთან” ჩაატარებს.