დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთისთვის ჩემპიონთა ლიგის კარი ჯერჯერობით არ გაღებულა. სანუკვარ მიზანთან ყველაზე ახლოს „დინამო“ იყო, რომელმაც ბილბაოს „ატლეტიკს“ თბილისში 2:1 მოიგო, მაგრამ სტუმრად 0:1 წააგო და შინ გაშვებული გოლის გამო ჯგუფურ ეტაპს მიღმა დარჩა.
შედეგად, დღემდე ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის სხვა და სხვა ქვეყნის ევროპულ გრანდებთან ან უკეთეს შემთხვევაში კონკრეტულ ქართველ ფეხბურთელებთან ასოცირდება.
მაგალითად, მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე დავით ხოჭოლავამ და სოლომონ კვირკველიამ ითამაშეს, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. იყო დრო, როდესაც უფრო ფართო კონტიგენტით იწონებდა საქართველო თავს და გოლებსაც იტანდნენ ჩვენებურები. მაგრამ ბოლო დროს დანატრებულნი ვართ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში ქართველ ფეხბურთელებს, გოლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ჩვენი დღევანდელი წერილი ჩემპიონთა ლიგაზე გატანილ ქართულ გოლებს ეხება. ბოლოს ასეთი რამ 2005 წელს მოხდა. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩამონათვალში შესული არაა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასული გოლები და საუბარი მხოლოდ ჯგუფური ეტაპიდან გატანილ გოლებზეა.
საკვალიფიკაციო ეტაპსაც თუ ჩავთვლით, შოთა არველაძეს, მალხაზ ასათიანს, თემურ ქეცბაიას გაუტანიათ უცხოური გუნდების მაისურით, მაგრამ ამჯერზე მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე ვისაუბრებთ და ამის გაკეთება დღემდე ოთხმა ჩვენებურმა მოახერხა - ლევან კობიაშვილმა, მიხეილ აშვეთიამ, გიორგი დემეტრაძემ და კახა კალაძემ.
ლევან კობიაშვილი („შალკე“)
ჩემპიონთა ლიგაზე ქართველებისთვის ყველაზე შედეგიანი დღე 2005 წლის 23 ნოემბერი იყო. გელზენკირხენში „შალკემ“ პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლა და ჯგუფიდან გასვლის შანსს მხოლოდ გამარჯვება შეუნარჩუნებდა.
რალფ რანგნიკის გუნდმა ჰოლანდიური გუნდის დამარცხება შეძლო კიდეც და ამაში ლევან კობიაშვილის წვლილი ძალზე დიდი იყო. „ხუმარებმა“ 3:0 მოიგეს და სამივე გოლი „კობიმ“ გაიტანა - ქართული ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე!
კობიაშვილმა მე-18 და 78-ე წუთებზე ორი პენალტი გაუტანა ეურელიო გომესს, ხოლო 72-ე წუთზე ლინკოლნის დარტყმულს, რომელიც ხარიხამ აისხლიტა ცარიელ კარში დაამატა. საბოლოოდ, ეს დღე სამუდამოდ შევიდა ჩვენთვის ისტორიაში. თუმცა, „კობის“ შედეგიანობა მაშინ ოდნავ მაინც დაიჩრდილა, რადგან იმ დღესვე ჰეთ-თრიქი ბრაზილიელმა ადრიანომ, ხოლო ანდრეი შევჩენკომ პოკერი შეასრულეს. შესაბამისად, ყურადღების ცენტრში ისინიც მოექცნენ.
მიხეილ აშვეთია (მოსკოვის „ლოკომოტივი“)
2003 წლის 21 ოქტომბერს, მოსკოვს მილანის „ინტერი“ ფავორიტის სტატუსით ეწვია, თუმცა ექტორ რაულ კუპერის გუნდი შინ შერცხვენილი დაბრუნდა. რუსებმა 3:0 გაიმარჯვეს და ამაში „რკინიგზელთა“ ქართველ ფორვარდ მიხეილ აშვეთიასაც ჰქონდა წვლილი შეტანილი.
აშვეთიამ 50-ე წუთზე მოახერხა ფრანჩესკო ტოლდოს კარის აღება და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. საბოლოოდ, ჯგუფიდან „ლოკომოტივი“ გავიდა, ხოლო „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.
გიორგი დემეტრაძე („დინამო“, კიევი)
გიორგი დემეტრაძის ანგარიშზე ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე სამი გოლია. პირველად ეს 2000 წლის 22 მარტს მოხდა. 1999-2000 წლების სეზონის მეორე ჯგუფურ ეტაპზე კიევში „დინამომ“ „ბაიერნი“ 2:0 დაამარცხა. საინტერესოა, რომ ორივე გოლი ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. კახა კალაძემ და გიორგი დემეტრაძემ. ქართველმა თავდამსხმელმა 71-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ეფექტური დარტყმით დააფიქსირა და მისთვის სადებიუტო გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე.
მომდევნო ორი გოლი კი დემეტრაძემ საკუთარ დაბადების დღეზე მიითვალა. 2000 წლის 26 სექტემბერს, როდესაც გიორგის 24 წელი შეუსრულდა, „დინამო“ ბრიუსელის „ანდერლეხტს“ მასპინძლობდა და 4:0 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა კი დუბლი გაიფორმა მას შემდეგ, რაც 88-ე და 90-ე წუთებზე დაამწუხრა ბელგიელები.
კახა კალაძე („დინამო“, კიევი)
კახა კალაძე ერთადერთი ქართველია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა მოუგია (თანაც ორჯერ). ყველაზე მეტი მატჩიც მას აქვს ქართველებს შორის ამ ტურნირზე ჩატარებული - 84 (საკვალიფიკაციო ეტაპების ჩათვლით). მათ შორის, 64 შეხვედრა „მილანის“ მაისურით, თუმცა ლომბარდიელთა რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაუტანია.
ისე კი, თავი სამჯერ გამოიჩინა და სამჯერვე კიევის „დინამოს“ მაისურით. პირველად ეს 1998 წლის 9 დეკემბერს მოხდა, როდესაც „დინამომ“ საფრანგეთში „ლანსი“ 3:1 დაამარცხა. სწორედ ამ დღეს გავიდა პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. კახამ თავი მე-60 წუთზე გამოიჩინა და ანგარიში გახსნა.
მეორე გოლი უკვე 2000 წლის 22 მარტს მიუნხენის „ბაიერნის“ კარში შეაგდო, ხოლო „დინამომ“ „რეკორდმაისტერს“ 2:0 სძლია. მესამე გოლი კი საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 2000 წლის 18 ოქტომბერს, ბრიუსელში, „ანდერლეხტის“ კარში გაიტანა.