კალათბურთი

14:00 | 3.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის და ბერიშვილის “ალ შამალი” ლიდერთა შორის იმყოფება

ყატარულმა “ალ შამალმა”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელები გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი იცავენ, ეროვნულ ჩემპიონატში 4 გამარჯვება მოაგროვა და ლიდერთა შორის იმყოფება.

საახალწლო დღეებში “ალ შამალი” თავდაპირველად “ალ გარაფას” ესტუმრა და 89:78 სძლია, ქართველი ლეგიონერები კი ძალიან აქტიურები იყვნენ. ცინცაძემ მოედანზე 40 წუთი გაატარა და 21 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა გამთამაშებელმა 9-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 12-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ კაპიტან მოჰამედ ჰარატს (25) ჩამორჩა, რომელმაც 25 ქულას 20 მოხსნა წაამატა.

რაც შეეხება ბერიშვილს, მან 37:54 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. მიშამ 3-დან 2 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ალ შამალმა” დამაჯერებლად იმარჯვა (78:65) “ალ ვაკრასთანაც”. გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 29:9 მოიგეს.

ცინცაძემ მოედანზე 38:17 წუთი დაჰყო და 11 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 7-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაჯარიმდა, ხოლო მის წინააღმდეგ თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

ბერიშვილი საქმეში 31:00 წუთი იყო და გუნდს 9 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება შესძინა. მიხეილმა 8-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ამ მატჩშიც ყველაზე შედეგიანი ჰარატი იყო, რომელმაც უკვე ტრადიციული ორმაგი დუბლი შეასრულა – 18 ქულა, 25 მოხსნა.

“ალ შამალს” 4 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი უკავია და მხოლოდ ლიდერ “ალ სადს” (5 გამარჯვება) ჩამორჩება. ქართველ კალათბურთელთა გუნდს მომდევნო მატჩი 5 იანვარს “ალ აჰლისთან” ელის.

0.130126