ალბათ, ცოტა დაგვიანდა კიდეც, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მორიგი მატჩისთვის და ანდორასთან შესახვედრად ემზადებოდა. განწყობა ამაღლებული იყო, მორიგი 3 ქულის აღების მოლოდინში და სწორედ ამიტომ კოლეგებთან ერთად შემდეგი მარშუტი დავგეგმე - თბილისი, ბარსელონა, ანდორა.
თბილისიდან 13 ნოემბერს დილის 5-ის ნახევარზე გავფრინდით. ორსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ სტამბულის აეროპორტში, საბიჰაში ჩავედით, სადაც ოთხი საათი ლოდინში გავლიეთ და შემდეგ სტამბულიდან ბარსელონამდე ასევე 4 საათი ვიფრინეთ.
ესპანეთის ავიასისტემა ტურისტის განწყობაზე თავიდანვე ზრუნავს და მას ზედხედშივე აჩვენებს სიმეტრიულ კუბებს, მათემატიკის რვეულივით დახაზულ ბარსელონას, რომელიდანაც კალმით გახვრეტილი ფურცლის ამონახეთქივით მოსჩანს გენიალური საგრადა ფამილია და ჩვენც ბარსელონას დროით 12 საათზე მიწაზე დავეშვით. ბევრი ახალი და დაუვიწყარი ისტორიების შესაგროვებლად. აეროპორტიდან გამოსულებმა ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ავტობუსი მოვიძიეთ, დაახლოებით 15 წუთიანი ლოდინის შემდგომ ისიც გამოჩნდა და გზას დავადექით.
ქალაქისკენ მიმავალს მთავარი ტრაფარეტი შემოგვეგება - ბარსელონა. ქალაქში ხშირად მხვდებოდა დიდი რაოდენობით მოპედებითა და ველოსიპედებით მოსიარულე ხალხი. ხალხი, რომლებსაც სადღაც ეჩქარებოდათ. ყველას საქმიანი იმიჯი შეუქმნია და დროს ფუჭად არ კარგავდნენ.
ყველაზე დიდი ყურადღება „არენას დე ბარსელონამ“ და მის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სავაჭრო ცენტრმა მიიქცია, რომელსაც წამებში ჩავუარეთ. ორიოდ გაჩერება გავიარეთ და შემდგომ ფეხით განვაგრძეთ გზა.
ჩვენს მიერ დაჯავშნილი სასტუმრო გოთიკურ უბანში მდებარეობდა და გზად მინი ექსკურსიაც გამოგვივიდა. პირველი რაც ფეხით მოსიარულეებს შემოგვხვდა, კოლუმბის ძეგლი იყო, რომელიც ზღვისკენ ხელგაწვდენილი, მრავალ ტურისტს კვალს უბნევს. ისტორიულად ვიცით, რომ კოლუმბმა ამერიკის კონტინენტი აღმოაჩინა. ქანდაკებას კი ხელი ტუნისისა და ალჟირის სანაპიროებისაკენ გაუწვდია.
ფეხით დაახლოებით 3 კილომეტრი გავიარეთ და სასტუმროშიც დავბინავდით, საიდანაც ჩვენი მთავარი ტური იწყებოდა.
პირველი დღე გვსურდა „კამპ ნოუსთვის“ დაგვეთმო. ქალაქში სეირნობის დროს ხშირად გაიგონებთ ქართულად საუბარს.
„კამპ ნოუს“ ვუახლოვდებოდით... ყოველ ფეხის ნაბიჯზე უფრო და უფრო იმატებდა მაღაზიები, სადაც შესაძლებელია „ბარსელონას“ ნებისმიერი სახის სუვენირის შეძენა და მათ შორის დარეკლამებული მესისა და რონალდუს თოჯინები, რომლებიც პირველობას ვერც დაკიდებულ ვიტრინაში ინაწილებდნენ.
რაღა დაგიმალოთ და „კამპ ნოუმ“ იმედები გამიცრუა. გარე ხედი სრულიად არ შეესაბამება იმ კლუბს, რომელიც იქ თამაშობს. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე 6 საათი სრულდებოდა, შიგნით შესვლის საშუალება არ მოგვეცა და მხოლოდ გარეგნული ვიზუალით მოგვიწია გულის ჯერება. მაგრამ ეს იმითაც აიხსნება, რომ კატალონიელები ახალი სტადიონის აშენებას გეგმავენ, რომლის მაკეტიც უკვე ცნობილია და საკმაოდ ეფექტურია.
სტადიონის უკანა მხარეს დიდი ბანერია, სადაც თავი სერხიო ბუსკეტს, ლუის სუარესს, ლიონელ მესის, ჟერარდ პიკესა და სერხი რობერტოს მოუყრია.
სტადიონის გარე ხედისგან განსხვავებით კარგად არის გაფორმებული ფან-შოპი. თუ რამის ყიდვა გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველაზე მცირე, მაისურის ფასი 80 ევროდან იწყება. პირველ სართულზე მოწყობილია მინი მოედანი, სადაც მსურველებს შეუძლიათ ბურთით დემონსტრირება მოახდინონ და ჩვენც ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით.
მსგავსად სტადიონისა, არც მუზეუმში შესვლის უფლება მოგვეცა, ცნობისთვის მუზეუმის მონახულება 25 ევროდ იყო შესაძლებელი.
საბოლოო ჯამში „კამპ ნოუს“ ტური ნახევრად შედგა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ იქ არა კატალონიური გრანდის, არამედ საქართველოს ნაკრების გამო ჩავედით, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საკმარისიც იყო. უკეთესი შთაბეჭდილების შესაქმნელად კი „ბარსელონას“ ახალ არენაზე სტუმრობა ურიგო არ იქნება.
„კამპ ნოუდან“ რამდენიმე კილომეტრში სპორტული კომპლექსია, რომლის ნახვის საშუალება დროის უკმარისობის გამო დღისით არ მოგვეცა, თუმცა ლამპიონების შუქზე მოვარჯიშე სპორტსმენების ხილვაც საკმარისი იყო ეფექტისთვის. ყოველ მხარეს სხვა და სხვა სპორტის სახეობით იყვნენ დაკავებული. მოედანზე ბეისბოლის მატჩი მიმდინარეობდა, იქვე მოკრივე სცდილობდა თავისი ძალების დემონსტრირებას, ბილიკებზე კი ჯგუფები სირბილში აუმჯობესებდნენ თავიანთ შედეგებს.
უნახავი დაგვრჩა „ესპანიოლის“ სტადიონი და ბაზა, თუმცა „პარაკიტების“ ოლიმპიური სტადიონი („მოტჟუიკი“, სადაც ადრე „ესპანიოლი“ ატარებდა საშინაო მატჩებს) სწორედ ოლიმპიური კომპლექსის მიმდებარედაა.
მეორე დღე საგრადა ფამილია-ს დავუთმეთ. „წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარს მნახველები არ ელევა, მცირე დროიდან გამომდინარე აღნიშნულსაც მხოლოდ გარედან შევავლეთ თვალი, თუმცა როგორც გაუდის უთქვამს „ჩემს კლიენტს არ ეჩქარება“-ო, არც მე ვიჩქარე და ვიმედოვნებ დასრულების შემდგომ კიდევ ერთხელ ვეწვევი.
ბარსელონასთვის 2 დღე ძალიან მცირეა, რომ ყველაფრის ნახვა მოასწრო..
კასა ბალტო, კასა მილა, კოლუმბის სვეტი, მონტჟუიკის ციხესიმაგრე, სანტა მარია დელ მარი, ტრიუმფალური თაღი - ეს იმ ღირსშესანიშნაობათა ჩამონათვალია, რომელთა ნახვაც შევძელი.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ესპანეთის მეორე დედაქალაქად წოდებულ ქალაქში ვერსად შეხვდებით ესპანეთის დროშას. კატალონიაში მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ცალკე სახელმწიფოდ სურთ ყოფნა. ამას ისიც ამტკიცებს, რომ ყოველი ბინის ფანჯრებთან კატალონიის დროშა ფრიალებს.
არ გაგიკვირდეთ, თუ ბარსელონეტის პლაჟზე ნოემბერში ხანშიშესულ ქალბატონებსა და მამაკაცებს შენიშნავთ, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის ტალღებს ეთამაშებიან. იქვე ემიგრანტ ვაჭარსაც შეხვდებით, რომელსაც ქვიშაზე სათვალეები დაუწყვია და ყოველ ჩამვლელს უცნაური ლექსიკით სთავაზობს მათ ყიდვას. თუ იკითხავ რა ღირს, დაუფიქრებლად გეკითხება და თან იმეორებს შეუჩერებლივ, მიუხედავად იმისა, რომ ხვდება მისი ნათქვამი ვერ გაიგე - „ჰა მა ჩუ პე, ჰა მა ჩუ პეე...“ (ჰაუ მაჩ თუ პეი). ასევე ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ქუჩაში სუვენირებით მოვაჭრე ემიგრანტებს, რომლებიც განწირული ხმით გასძახიან ვან ერო, ვან ერო (ვან ევრო). მოკლედ როგორც მიხვდით სხვაგვარი ლექსიკა აქვთ და იმდენად დამახასიათებელი, რომ ყოველ გახსენებაზე მათი ხმა კარგ ხასიათზე გაყენებს.
ბარსელონადან ანდრორაში მგზავრობა ბლაბლაქარით გვქონდა გადაწყვეტილი, რომლის თანხაც წინასწარ გვქონდა გადახდილი, თუმცა ტრიუმფალურ თაღთან ლოდინი გაგვიგრძელდა და მხოლოდ wi-fi-ს დაჭერის შემდგომ გავიგეთ, რომ ჩვენ მძღოლს ოჯახური პრობლემები შეექმნა და დიდად მოგვიბოდიშა, თუმცა ვინ იცის, რა იყო მთავარი მიზეზი...
ბარსელონადან ანდორამდე 3 საათის გზაა და ჩვენც ჯუჯა სახელმწიფოსკენ გავეშურეთ. ქუჩები თითქმის ცარიელია, 3 დღის განმავლობაში საცობს არ შევსწრებივარ და პრაქტიკულად ქუჩაში გავლა არანაირ დისკომფორტს არ გიქმნის.
გამომდინარე იქიდან, რომ ანდორასა და ბარსელონას საზღვარი არ აქვს, მებაჟეებმა პასპორტები ზერელედ, მოვალეობის მოხდის მიზნით დაათვალიერეს და მშვიდად გაგვატარეს. ანდორა ლა ველაში (კატალონიელები კი ანდორა ლა ვიეხათი მოიხსენიებენ) შესვლისთანავე მიხვდები, რომ ღამე ქალაქს ადამიანებთან ერთად სძინავს. ვერ ნახავთ ვერცერთ მაღაზიასა თუ ბარს რომელიც ღიაა...
15 ნოემბერიც დადგა, დღე, რომლის გამოც ყველაფერი დაიწყო. ამ დღეს ხომ საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოსაპოვებლად უნდა გასულიყო მოედანზე...
მთელი დღის განმავლობაში არაფერი მოასწავებდა იმას, რომ იმ დღეს მატჩი უნდა გამართულიყო. ქუჩაში მხოლოდ ქართველ გულშემატკივრებს თუ წააწყდებოდით, რომლებიც მრავლად იყვნენ. ზოგიც საქართველოდან, ზოგიც კი ბარსელონადან ჩასულები. მატჩამდე ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის წევრ, „მორაბანკ ანდორას“ საშინაო არენასაც ვეწვიე, გუნდი სწორედ იმ წუთებში ვარჯიშს მართავდა თუმცა, ჩემდა გასაკვირად, იქ მოხვედრა პრობლემა არ ყოფილა.
ნელ-ნელა კი მოსაღამოვდა, მაგრამ ქალაქში არაფერი იცვლებოდა. ანდორა ლა ველა საფეხბურთო განწყობისგან შორს იყო და ეს სტადიონზეც კარგად გამოჩნდა. ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ტრიბუნებზე მასპინძლებს სტუმრები სჭარბობდნენ. ყოველშემთხვევაში, არც ისეთი ბალანსი გახლდათ მასპინძელ-სტუმარს შორის, როგორიც ნორმალურ ვითარებაშია ხოლმე...
მატჩმა ჩვენი მოლოდინი ვერ გაამართლა. დასანანი იყო პირველი გაშვებული გოლი ერთა ლიგაზე, რომელიც ქულების დასაკარგად საკმარისი გამოდგა. გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო და „ბარსელონას“ სკაუტები, ტრიბუნებზე ბლოკნოტებით შეიარაღებულნი რომ იყვნენ, აკვირდებოდნენ. მის ყოველ მომქედებას ინიშნავდნენ და არავინ იცის, რას აღნიშნავდნენ, მაგრამ ფაქტია, საქართველოს ნაკრების ერთადერთი გოლი ჩაკვეტაძემ გაიტანა და საერთოდაც, ნათელი წერტილი გახლდათ მოედანზე.
საბოლოოდ, ანდორიდან 1 ქულითა და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გამარჯვების იმედად ჯერ ჟირონაში წავედით, საიდანაც 4-საათნახევრიანი ფრენის შემდგომ თბილისში დავბრუნდით.
მარშუტი: თბილისი - ბარსელონა - ანდორა - ჟირონა - თბილისი გუნდთან ერთად და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის სურვილით დასრულდა...