მე-2 ტურის ბოლოსწინა მატჩში ერთმანეთს “დელტა” და “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. გასულ თვეში დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულმა დელტელებმა სუპერლიგა “მგზავრებთან” მარცხით დაიწყეს, თუმცა რეაბილიტაცია მალე მოახდინეს და ქვემოქართლური გუნდის დამარცხებით ცხრილის შუაწელში დამკვიდრდნენ.
რუსთაველებისთვის კი დღევანდელი წაგება ზედიზედ მეორეა და რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილი გუნდი “დინამოსთან” ერთად ჯერჯერობით სუპერლიგის აუტსაიდერია. არადა, რუსთაველებს მოგების შანსი ჰქონდათ, თუმცა მესამე პერიოდში საქმეები აერიათ, რითაც “დელტამ” ისარგებლა და ძირითადად არტიომ შვეცის სამქულიანებით გაქცევა მოაწყო. შედეგად, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდის ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა, რაც მანამდე თანაბრად მიმდინარე თამაშისთის საკმაოდ სოლიდური უპირატესობა გამოდგა.
“დელტამ” წარმატებით შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა და სუპერლიგაში პირველ გამარჯვებას მიაღწია. გუნდს 21 ქულითა და 9 მოხსნით არწიომ შვეცმა ულიდერა. 17 ქულა და 14 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო მალკოლმ დრამრაითმა დელტელებს 16 ქულა მიაშველა. რუსთავში დომინირებდა რუდოლფ ჯოლი, თუმცა მისი 32 ქულა და 13 მოხსნა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
დელტა – რუსთავი
სტატისტიკა: 86:79
gbf.ge