რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში ჯიმი ტაბიძის „უფამ“ ჯანო ანანიძის მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი მცველი განსხვავებულ პოზიციაზე მოგვევლინა. მოგეხსენებათ, ის ცენტრალური მცველია, მაგრამ „უფას“ თავკაცმა 3-4-2 ტაქტიკურ სქემაში მარცხენა ფლანგზე გაამწესა და მისი კონტროლი დაავალა. ტაბიძემ დავალება იდეალურად შეასრულა. დაცვაშიც არ ჰქონია ხარვეზები და შეტევაშიც ხშირად ერთვებოდა.
რაც მთავარია, ერთვებოდა შედეგიანად - ორი საგოლე პასი გააკეთა. 75-ე წუთზე დმიტრი სისუევმა მისი ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა, ხოლო მსაჯის კომპენსირებულ დროში ლოვრო ბიჟიაკმა გაიტანა, რომელმაც ბურთი ქართველისგან მიიღო.
ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა, ანანიძე განაცხადშიც არ ყოფილა. „უფას 14 ქულით მე-14 პოზიცია უკავია, ხოლო „სპარტაკი“ 19 ქულით მეცხრე ადგილზეა.