რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა „ლოკომოტივმა“ „როსტოვს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. პირველივე ტაიმში ანტონ მირანჩუკისა და სვერირ იგნასონის წყალობით გუნდებმა გოლები გაცვალეს.
აი, მეორე ტაიმში, კერძოდ, მე-60 წუთზე გამარჯვების გოლი „რკინიგზელთა“ ჩვენებურმა ლიდერმა, სოლომონ კვირკველიამ გაიტანა. ქართველი კუთხურის დროს ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში და შეაგდო კიდეც. ბარინოვმა ეფექტურად, „მაკრატელა“ დარტყმით სცადა გატანა, მეკარემ აუღო, მაგრამ მოგერიებულს ქართველმა მცველმა დაამატა.
კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და 77-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. ეს სოლომონისთვის მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით კლუბში ჩატარებულ მე-14 შეხვედრაში (11 პრემიერლიგაში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 რუსეთის სუპერთასზე) და პირველი გოლი გახლდათ.
„ლოკომოტივმა“ კი ცუდი სტარტის შემდეგ სიტუაცია გამოასწორა და 18 ქულით მეოთხე ადგილზე აღზევდა.