9 ოქტომბერს, თბილისში ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალური დაფის განთავსება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დაბადების დღეზე მოხდა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და ქართული სპორტის გამოჩენილი მოღვაწეები დაესწრნენ.
მემორიალური დაფის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ჟურნალისტი და კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი და ასევე ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, რომლებმაც გაიხსენეს ლეგენდარული ქართველი ნახევარმცველის საფეხბურთო მოღვაწეობის წლები და მისი წარმატებები. ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ასეთი ლეგენდების დაფასება და მომავალი თაობისთვის მაგალითის მიცემა აუცილებელია.
ლევან კობიაშვილი: „ეს ერთგვარი დაფასებაა ამ ლეგენდარული ფეხბურთელის. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პატივისცემა გამოვხატეთ და ადამიანებს ეცოდინებათ, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ის ლეგენდარული ადამიანი, რომელიც ქართულ ფეხბურთს წარმოადგენს, არა მხოლოდ იმ მთავარი გატანილი გოლისა და გამარჯვების გამო, რომლითაც დღემდე ვამაყობთ, არამედ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში, რითაც ძალიან ვამაყობთ და გვიხარია.“
ვიტალი დარასელია (უმცროსი): „პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციას, მერიას და ყველას, ამ ლამაზი დღისთვის და მამაჩემის დაფასებისთვის. მიხარია, რომ ვიტალის სახელი დღესაც ახსოვთ საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა იცოდნენ ასეთი ადამიანის არსებობა და მის საფეხბურთო ცხოვრებას მიჰყვენ.“
www.gff.ge