29-30 სექტემბერს, ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება საქართველოს გუნდური ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში ახალგაზრდა მოჭადრაკეებს შორის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს რეგიონების 12 გუნდი. თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 8 სპორტსმენით - 4 გოგონა და 4 ვაჟი. გუშინ, საგამოფენო სივრცეში გაიმართა ჩემპიონატის გახსნის ცერემონია, რომელზეც ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და ვეტერანი მოჭადრაკეები ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი ახალგაზრდა მოჭადრაკეებს შეხვდნენ, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მომავალ შეჯიბრებაში წარმატება უსურვეს.
დღეს, ოლიმპიადაზე დასვენების დღეა, შესაბამისად ახალგაზრდა მოჭადრაკეები ამით ისარგებლებენ და მთავარ დარბაზში ითამაშებენ. 30 სექტემბერს კი პირველობა ოლიმპიური შეხვედრების დაწყებამდე, ანუ 15:00 საათამდე დასრულდება და ჩემპიონ-პრიზიორ გუნდებს გამოავლენს.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ეს ჩემპიონატი შეგნებულად დაამთხვია საჭადრაკო ოლიმპიადას, ახალგაზრდა მოჭადრაკეებს საშუალება მისცა ბათუმს, ოლიმპიადის მსვლელობის დროს სწვეოდნენ და ჭადრაკის ვარსკვლავების თამაში პირადად ეხილათ, ამასთან ეთამაშათ იმ დარბაზში, სადაც ოლიმპიადის მონაწილე გუნდები ასპარეზობენ. ცხადია, ეს ყველაფერი მომავალი თაობისთვის დიდი სტიმულია, საიმისოდ რომ მომავალში საქმეს კიდევ უფრო მობილიზებულნი მიუდგნენ და უახლოეს წლებში საქართველოს ნაკრების სახელით ოლიმპიურ თამაშებზე თავადაც ითამაშონ.