ფეხბურთი

17:04 | 5.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სტანიმირ სტოილოვი: "იმედია კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ"

ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრეკოსნფერენცია გამართა და ადგილობრივი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

თავიდანვე გეტყვით, რომ აღნიშნულ პრესკონფერენციას ვერ დაესწრნენ ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც ასტანაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩაფრინდნენ. მათ შორის ჩვენი კორესპონდენტი სოფო ერქვანია. მიზეზი? - სტოილოვის ბრიფინგი იმ დროს იყო ჩანიშნული, როდესაც საქართველოს ნაკრები ასტანაში ჩაფრინდა და ჯერ კიდევ დაბინავების პროცესში გახლდათ.

რაც შეეხება თავად ბულგარელს - გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, ჯგუფის ფავორიტი საქართველოს ნაკრებია, თუმცა მისი გუნდის მიზანი ამავე ჯგუფში პირველობაა. სტოილოვმა იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი ხვალინდელ შეხვედრაში ეფექტურ ფეხბურთს ითამაშებს და რაც მთავარია, სასურველ შედეგს მიაღწევს.

- მატჩამდე ერთი დღე დარჩა, როგორი განწყობით ხვდება ჩვენი გუნდი ამ თამაშს?

- ყველაფერი კარგადაა. როდესაც ფეხბურთელი თამაშობს ეროვნულ ნაკრებში, როდესაც იწყება ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირი, როგორიც ერთაა ლიგაა, ყველა კარგ განწყობაზე უნდა იყოს. იმედია, უეფას ერთა ლიგა ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაული იქნება და იმედი მაქვს, რომ გუნდი ითამაშებს მაღალ დონეზე. ვიცი, რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაშებს სირთულეებიც ახლავს. ფეხბურთელებმა თავიანთი შესაძლებლობების უნდა ირწმუნონ, მე წინა პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე, რომ ჩემი ფეხბურთელების მაქსიმუმი ის არაა, რასაც ვაჩვენებდით. ბოლო სამ შეხვედრაში დავამტკიცეთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. იმედია, კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ.

- თქვენ ბევრჯერ თქვით, რომ ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია სათამაშო პრაქტიკა. თუმცა, ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ ფეხბურთელებს “ასტანაში”, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან. მაგალითად, იური ლოგვინენკო და ბაკტრი ზაინუტდინოვი. როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

- ბოლო პრესკონფერენციაზე ამაზეც ვსაუბრობდი. თამაშამდე მხოლოდ 24 საათი დარჩა და ვეცადეთ, რომ ეს პრობლემა მაქსიმალურად გადაგვეჭრა. იმედია მაქვს, რომ ფეხბურთელები მოედანზე დინამიურად ითამაშებენ, სავსე სტადიონის წინაშე თამაში და ეს დამატებითი სტიმული იქნება. თამაშამდე 24 საათით სხვა არაფერი შეგვიძლია. ვიმედოვნებ, ფეხბურთელები კარგ თამაშს აჩვენებენ.

- ფედერაციის წარმომადგენლები შეხვდნენ ფეხბურთელებს?

- დიახ, ჩვენ გვქონდა ოფიციალური სადილი გენერალურ მდივან აზამატ აიტხოჟინიმთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჯგუფში ფავორიტი საქართველოა, მეორე ადგილზე ლატვიაა და შემდეგ მოვდივართ ჩვენ. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველ პოზიციაზე გასვლაა. თუ გავიმარჯვებთ, ხალხი ირწმუნებს, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.

- როგორ ფეხბურთს ითამაშებთ ხვალ?

- ჩვენ ვითამაშებთ იმ ფეხბურთს, რომელიც შედეგს მოგვიტანს.

- D დივიზიონის 16 გუნდში ყაზახეთი აუტსაიდერთა შორისაა?

- კრგი კითხვაა. დიახ, კოეფიციენტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუტსაიდერი ვართ. თუმცა ვფიქრობ, ბოლო თვეებიდან გამომდინარე ყაზახეთი აუტსაიდერი არ იქნება და უნდა ვიფიქროთ მხოლოდ გამარჯვებაზე.

- თქვენ იცნობთ ვლადიმირ ვაისს. შეგიძლიათ გამოიცნოთ მისი ტაქტიკა?

- ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთს ვნახავთ. ის შესანიშნავი მწვრთნელია. რაც შეეხება ტაქტიკას, ჩვენ ვემზადებით და მოწინააღმდეგის თამაშს არ ვუყურებთ.

- გუნდი როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია? მაგალითად, ერკებულან სეიდაჰმეტს ძალიან დიდი ხანია არ უთამაშია. მზადაა მატჩისთვის?

- ზოგიერთ მოთამაშე 100%-ით მზად არის. საიდაჰმეტის შემთხვევაში კი – დიახ, მას ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, ჩვენზე უკეთ მისი შესაძლებლობები არავინ იცის. დიდი პოტენციალი აქვს და შემიძლია ყაზახი გულშემატკივარი დავამშვიდო, ეს ფეხბურთელი სიამოვნებას მოგანიჭებთ.

- რატომ არის ყაზახეთის ნაკრებში უკრაინელი მეკარე დმიტრი ნეპოგოდოვი?

- მე უკვე ვთქვი, რომ ჩემთვის მთავარია მისი პასპორტი და ის ყაზახია! ესაა მთავარი.

შეგახსენებთ, ყაზახეთი - საქართველოს მატჩი 6 სექტემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.115141