გასული საუკუნის 90-იანი წლების ევროპული ფეხბურთი ვისაც ახსოვს, შეიძლება აყლაყუდა ჩეხი მცველი ტომაშ რეპკაც ახსოვდეს, რომელსაც ფლორენციის “ფიორენტინასა“ და ინგლისური “ვესტ ჰემის“ მაისურით არცთუ ურიგოდ უასპარეზია და ფეხების განივად ქნევით ბევრი თავდამსხმელისთვის გაუშრია სისხლი.
ახლა კი ეს კაცი ცნობილი იმით გახდა, რომ თურმე თავის ყოფილ ცოლს, ვლადკაერბოვას მეტად საშინელი საქმე დამართა - მისი ფოტო და ტელეფონი მეძავთა საერთაშორისო სოციალურ ქსელში გამოდო - აქაოდა თითქოს ერბოვა ამბობდა, მეც მეძავი ვარ, დამირეკეთ, შემხვდით და ჩემთან თანაყოფით ისიამტკბილეთო. წარმოიდგინეთ, ამის გამო ტომაშის ნაცოლარს რა ხალხი დაურეკავდა ტელეფონზე და რა წინადადებებს შესთავაზებდნენ...
ვლადკამ ცხადია იჩივლა. პოლიციამ ტომაშ რეპკას ბრალეულობა დაამტკიცა, სასამართლომ კი ვეტერან მცველს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა და შემდეგ ნახევარ წელს ეს უხიაგი კაცი ციხეში გაატარებს. რეპკა თავის ბრალეულობას არ აღიარებს და ამბობს, რომ ყველაფერი ნაცოლარმა მოუწყო. მაგრამ სასამართლოს დააჯერებს ამას?...