მას შემდეგ, რაც ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, ყველასათვის მოულოდნელად მადრიდის “რეალიდან“ ტურინის “იუვენტუსში“ გადავიდა, ამ ამბავს აპენინებზე ლამის ყველა სფეროს წარმომადგენელი ადამიანი გამოეხმაურა და ცხადია ყურადღების მიღმა არც იტალიელ მეღვინეებსა და ღვინის მარკეტოლოგებს დარჩენიათ.
როგორც იცით, ევროპული და მათ შორის იტალიური ღვინის მწარმოებლებს მარკეტინგულად ღვინის ფეხბურთთან და ფეხბურთელებთან დაკავშირება ბოლო დროს ძალიან მოსწონთ და არაერთი ცნობილი ფეხბურთელისა თუ საფეხბურთო კლუბის სახელზე ჩამოისხა ღვინო, რომელსაც რეალიზაცია არასოდეს გასჭირვებია.
სწორედ ამიტომ, კრიშტიანუ რონალდუს ტურინულ კლუბში გადასვლის შემდეგ, ღვინის რამდენიმე იტალიურმა კომპანიამ გამოთქვა ამ მოვლენაზე სახელობითი ღვინის ჩამოსხმის სურვილი და ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თავადპორტუგალიელი ფეხბურთელი რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ღვინის რომელ კომპანიასამჯობინებს.
უნდა ითქვას, რომ მაშინ, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალში“ თამაშობდა, ესპანელმა და რონალდუს თანამემამულე პორტუგალიელმა მეღვინეებმა მის სახელზე არაერთი ღვინო ჩამოსახეს. ეს ღვინოები ძირითადად ეძღვნებოდა მადრიდული კლუბის კონკრეტულ გამარჯვევებს, ანდა რონალდუს მიერ გატანილ მნიშვნელოვან გოლებს.
ამ ტიპის ღვინოები მცირე ტირაჟებით ისხმებოდა და მალევე იყიდებოდა. თუმც,ა ახლა პირველი შემთხვევაა, როდესაც ღვინის კომპანიები ფეხბურთელის ერთი კლუბიდან მეორეში გადასვლით ასე დაინტერესდნენ და საკუთრივ ამ მოვლენისადმი სურთ ღვინის მიძღვნა. იტალიაში რონალდუს პოპულარობა ასე თუ გაგრძელდა, ადვილი წარმოსადგენია რა მოხდება მაშინ, როდესაც პორტუგალიელი მეგოლე მნიშვნელოვან გოლებს გაიტანს. არაა გამორიცხული ყველა გოლს ცალკე ღვინოც კი მიეძღვნას.