საქართველოს ნაკრებისა და “გენტის” თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია გამოჯანრმთელდა და თამაშიც დაიწყო. 24 წლის ფორვარდმა “გენტის” მეორე გუნდის შემადგენლობაში ითამაშა და ნაყოფიერადაც: 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ამასთან, ჩენებური სრული დატვირთვით მთავარ გუნდთან ერთადაც ვარჯიშობს, მაგრამ დღეს, ევროპა ლიგის პლეი-ოფში “ბორდოსთან” მისი თამაში გამორიცხულია.
“სასიამოვნო დაბრუნება! მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველა თქვენგანს, ვინც ამ პერიოდში მხარი დამიჭირა. მე ნამდვილად ვაფასებ ამას! თქვენ მე მაძლიერებთ!”, - დაწერა ქვილითაიამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ტრავმა გასული სეზონის ბოლოს ჯერ კიდევ ვენის “რაპიდში” თამაშისას მიიღო. ზაფხულში კი ავსტრია დატოვა და ბელგიურ “გენტს” შეუერთდა.
ქვილითაიას დაბრუნება ნამდვილად სასიხარულოა, რადგან ერთა ლიგა კარსაა მომდგარი, ხოლო საქართველოს ნაკრებს მის პოზიციაზე ნამდვილად არ ულხინს...