"სუმგაითის" 17 წლის ფეხბურთელმა ელშან იონისოღლუმ განაცხადა, რომ, შესაძლოა, "ზესტაფონში" გადავიდეს. უცნაურია, როცა ქართველი ფეხბურთელები აზერბაიჯანში მიდიან, ამ დროს აზერბაიჯანელს გამოუთქვამს ქართულ კლუბში თამაშის სურვილი. თანაც, "ზესტაფონში", რომლის ფინანსური მდგომარეობა გაურკვეველია.
"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია უკვე ჩამოვიდა საქართველოში და როგორც ვიცით, უახლოეს დღეებში გადაწყდება კიდეც, რა ფორმით გააგრძელებს კლუბი არსებობას. ბევრი რამ გაირკვევა 28 ივნისს გასამართ ყრილობაზე.
"წავალ ზესტაფონში, ვნახავ იქაურ პირობებს, გავერკვევი ფინანსურ სიტუაციაში და პერსპექტივაში. თუ მოვილაპარაკებთ, საქართველოში დავრჩები. ჯერ "ზესტაფონის" დუბლებში ვივარჯიშებ, შემდეგ კი ძირითადშიც შემამჩნევენ. ასე რომ, ყველაფერი გადაწყვეტილი არაა", - იონისოღლუს სიტყვები აზერბაიჯანულ Extratime-ს მოჰყავს.







