საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი საბა კვირკველია მოსკოვში მომხდარზე კომენტარს აკეთებს. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, გარდაცვლილი მისი მეგობარი არ ყოფილა.
“ამ ბინაში ექვსი თვის განმავლობაში არ მიცხოვრია. ჩემს მეგობარს დავუთმე, მაგრამ ბოლო ნახევარი წელი მე იქ არ ვყოფილვარ. გარდაცვლილი კი, ჩემი მეგობარი არაა, ვისაც ბინა დავუთმე, იმის მეგობარი იყო. ის არის ყოფილი ფეხბურთელი და საქართველოში იცნობენ.
ამჟამად, საქართველოში, სახლში ვარ. ყველაფერი სიახლეების მეშვეობით გავიგე და ცოტა შოკირებული ვარ”, - ციტირებს კვირკველიას სიტყვებს Championat-ი.
ხსენებულ წყაროსთან კომენტარი გააკეთა ელგუჯა ლობჯანიძემაც:
"კვირკველიას კარგად ვიცნობ და ძალიან გაკვირვებული ვარ. ვფიქრობ, ეს ისტორია საბასთან არაფერ შუაშია და ამ სიტუაციასთან არანაირი შეხება არ აქვს", - განაცხადა 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, საბას ბინაში (მოსკოვში) ქართველი გულშემატკივარი გარდაცვლილი იპოვეს და მიზეზად ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა დასახელდა.