საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ფეისბუქის გვერდზე აღმასკომის სხდომის შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. სხდომა დღეს, თბილისში გაიმართა, ოღონდ კონკრეტულად სად, ახლაც გასაიდუმლოებულია. ფედერაციის ფეისბუქით გუშინ გავრცელებული არასრულყოფილი ანონსის შემდეგ, "მსოფლიო სპორტმა” სხდომის ჩატარების ადგილის შესატყობად ფედერაციის სპორტულ დირექტორს - ზურაბ უსუფაშვილს მიმართა. სწორედ მას მივმართავთ ხოლმე მას-მედია დეტალების დასაზუსტებლად და არაერთხელაც დაგვხმარებია, მაგრამ ამჯერად გვითხრა, რომ ვერაფერს გვეტყოდა, რადგან არ იცოდა, სად ტარდებოდა აღმასკომის სხდომა.
არ დადასტურდა ფედერაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ გაცემული ინფორმაცია, თითქოს აღმასკომის წევრები ძიუდოს აკადემიაში იკრიბებოდნენ. ერთ-ერთმა კოლეგამ შოთა ხაბარელისგან სცადა ინფორმაციის მიღება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტების მსგავსად, არც აღმასკომის წევრი ოლიმპიური ჩემპიონი გახსენებიათ სხდომამდე. სხდომაზე კი ხაბარელზეც უსაუბრიათ.
2018 წლის 5 ივნისის აღმასკომის სხდომა
2018 წლის 5 ივნისს, ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის სხდომა, სადაც მიღებულ იქნა დადგენილება და გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე:
1. დადგენილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
აღმასკომის 5 წევრისაგან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის და ასევე ფედერაციის ეფექტიანი და სწრაფი მუშაობის უზრუნველსაყოფად, ამავე ჯგუფში წევრის სტატუსით მყოფ ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდივანს – გიორგი ათაბეგაშვილს დაეკისროს ფედერაციის მმართველობითი ფუნქციების განხორციელება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ წარმოშობილი ურთიერთობების დასარეგულირებლად. გენერალური მდივანი ამ პერიოდში განხორციელებული უფლებამოსილების დროს ანგარიშვალდებულია როგორც აღმასკომის, ასევე ყრილობის წინაშე. სამუშაო ჯგუფში შედიან: ზაქრო კევლიშვილი, გიორგი ათაბეგაშვილი, თენგიზ ხუბულური, ზაზა გულბიანი, მამუკა ნავერიანი.
2. თანაშემწე მწვრთნელების მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა
მწვრთნელები ამირან ტოტიკაშვილი და ნოდარ მეტრეველი დანიშნულ იქნან საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის თანაშემწე მწვრთნელების მოვალეობის შემსრულებლად.
3. აღმასკომის წევრის შოთა ხაბარელის ქმედების შეფასების საკითხი
აღმასკომმა განიხილა მისი წევრის – შოთა ხაბარელის ქმედებები უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამეთუ მის ქმედებებში არსებობს წევრის სტატუსისთვის შეუფერებელი საქციელის ნიშნები. აღმასკომმა გადაწყვიტა, უახლოეს სხდომაზე იმსჯელოს ხაბარელის აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე.