ბლოგი

11:45 | 3.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა - სუმო და საკე

- რა ქენი, უყურე?

- ვუყურე კი არა, აგერ სამი კვირაა დავდივარ და ისეთ სიტყვებს ვიმეორებ, აქამდე გაგონილიც რომ არა მქონდა. ცოლი მეუბნება - არ ვიცი გამიხარდეს თუ მეწყინოს, სიბერეში იაპონურის სწავლა რომ დაიწყეო.

- მეც ეგრე არა ვარ კაცო? თან რა სიტყვებია, ეს მაეგაშირაო, ეს ოძეკიო, ბაშოო, იოკუძუნაო... არადა რა აზარტული რამე ყოფილა. ახლა უკვე დღეებს ვითვლი შემდეგი ტურნირი როდის დაიწყება.

- მე კიდე კალენდარი ამოვაბეჭდინე ჩემს ბიჭს კომპიუტერიდან და მთელი წელი ვიცი სუმოს ტურნირების განრიგი. ერთი ჩვენსას ეს ხელი მოურჩებოდეს და...

- მოურჩება აბა რა იქნება. იქაური ექიმები ეგეთ კაცს განუკურნებელს დატოვებენ? მედიცინაც იქაა და სამედიცინო ტექნიკაც. ჩვენი ზოგიერთი ექიმებივით კი არ არიან - ერთ დიაგნოზს რომ სვამენ, მეორეზე წამლებს გაძლევენ და მესამე ავადმყოფობაზე კიდე ეჭვობენ....

- აბა... ეგეთი არასწორი დიაგნოზებით და არასწორი მკურნალობით რამდენი კარგი ქართველი სპორტსმენი ადრე წავიდა სპორტიდან და რამდენი საერთოდ დახეიბრდა...

- ლევანის ჯვარი წერია. რა სპორტიდან წასვლა კაცო. ახლა გვაქვს მაგ ბიჭის იმედი. შენ ის მითხარი, ოძეკი რომ გახდა, დიდი თევზი რატომ აჩუქეს?

- ხომ იცი, ტრადიციების ქვეყანაა და ეგეც რაღაც ტრადიცია იქნება. აბა ტრადიციების პატივისცემა რომ არ იყოს, ეს ამოდენა მთასავით ხალხი ქვიშის თავზე დაყრას ხომ არ დაუწყებდა - აქაოდა ავი სულები უნდა გავდევნოთო...

- ჰო აბა. ჯერ მარტო სუმოს მსაჯების ჩაცმულობა ღირს ერთ რამედ. იმათ რომ ვუყურებ, ხან გია ჯაჯანიძე და ხან რუსი ბოიარების ჩაცმულობა მახსენდება. შენ იცი როგორ ეცვათ რუს ბოიარებს?

- მგონი მახსოვს, მაგრამ რაში მადარდებს მე რუსი ბოიარები. ლევანის ხელი მადარდებს და ის გადარეული იოკოძუნები რას იზამენ ამ ზაფხულის ბაშოზე. ტოჩინოშინის სახის გახსენებაც კი არ უნდათ ალბათ.

- რატომ კაცო, ეს სუმოა და ღირსეული მეტოქეები ამ სახეობაში ყოველთვის ფასდება. აფერისტი და მამაძაღლი სპორტსმენები სუმოს ქომაგებს ძალიან არ უყვართ.

- რა ვიცი, მე მაინც აფერისტობა მგონია იოკოძუნების ბოლო შეხვედრა. დაწერილ სცენარს გავდა და მაინც მონღოლი გახადეს ჩემპიონი.

- მოიცა კაცო, შენ ფიქრობ, რომ ჰაკუჰოსტანა კაცი შეხვედრას ჩაწყობით დათმობდა? შანსი არ არის!

- დათმობდა რა, თანამემამულესთან არ გამოიდო თავი. მაინც აზრი აღარ ჰქონდა მის გამარჯვებას და რატომ უნდა ებღლარძუნა ტყუილად?!

- არ გყვარებია შენ ძმაო სუმო, თორემ ჰაკუჰოზე ეგეთი წარმოდგენა არ გექნებოდა. კაცი სუმოს ღმერთია... რა დათმობა, რის დათმობა. უბრალოდ უმოტივაციო იყო და წააგო. ეგ ყველგან და ყოველთვის ხდებოდა.

- ჰაკუჰოს გამო ნუ მეჩხუბები ახლა თუ კაცი ხარ.

- არც ვჩხუბობ კაცო.

- აბა რა ვქნათ.

- რა ვქნათ და წამო, აგერ კაი საკე იყიდება ღვინის დიდ მარკეტში, ეგ ავაგდოთ და წავიდეთ ჩემთან - ლევანი დავლოცოთ.

- ვითომ კარგი აზრია საკეს დალევა?

- ტოჩინოშინი თუ სვამს ე.ი. კარგი რამე იქნება. წამო წამო.

- მოიცა, ცოლს მაინც დავურეკო...

0.182751