ჩოგბურთი

20:10 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლა შედგა: ნადალმა ჯოკოვიჩი დაამარცხა

რაფაელ ნადალმა რომის მასტერსის მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ალექსანდრ ზვერევსა და მარინ ჩილიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მიმდინარე სათამაშო წელს ესპანელმა ზედიზედ 50 სეტი მოიგო და რეკორდი დაამყარა. ასევე, ნადალი გრუნტის საფარზე მხოლოდ მადრიდის მასტერსის მეოთხედფინალში დამარცხდა, სულ 2018 წელს აღნიშნულ საფარზე რაფას 17 მატჩი ჰქონდა მოგებული და ნათელი იყო, რომ წყვილში ფავორიტად შერაცხეს. ჯოკოვიჩმა კი ტრავმის შემდეგ პირველად აჩვენა გულშემატკივრებისთვის სასურველი თამაში და ნელ-ნელა ფორმაში შედის, რაც სიგნალია იმისა, რომ სერბი უახლოეს მომავალში ტურნირების მოგებას აუცილებლად შეეცდება.

მიუხედავად ნოვაკის კარგი ასპარეზობისა, ნადალმა ფავორიტობა დაამტკიცა და ორ სეტში გაიმარჯვა. პირველ სეტში ჯოკოვიჩი მეექვსე გეიმზე დაბრეიკდა, თუმცა ესპანელის მოწოდებაზე მეცხრე გეიმი მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებულის ბედი ტაი ბრეიკმა გადაწყვიტა. მეორე სეტში კი ესპანელთან გასამკლავებლად სერბს ძალა არ ეყო და ორჯერ დაბრეიკდა.

ჯერჯერობით ნოვაკი ურთიერთშეხვედრებში ნადალს კვლავ უგებს - 26:25. ნადალმა რომის ტურნირის ნახევარფინალი მეათედ მოიგო და ერთი გამარჯვება აშორებს მერვე ტიტულამდე. ჯოკოვიჩმა კი პირველად დათმო რომის მასტერსის ნახევარფინალი (8-1), თუმცა ამ მატჩმა თავდაჯერება შემატა, თან სერბი მიმდინარე წელს პირველად გავიდა ტურნირის ნახევარფინალში.

ნადალმა მასტერსის 356-ე მატჩი მოიგო და როჯერ ფედერერის რეკორდი (355) გააუმჯობესა. ესპანელს ისღა დარჩენია ფინალში გამარჯვებით რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნოს და ასევე, 32-ე მასტერსის მოგებით თავისივე რეკორდი გააუმჯობესოს.

0.117655