გასულ კვირას, მთელი ოთხი დღის განმავლობაში (26-29 აპრილი) ერთ დროს პატარა და მშვიდი, ახლა კი მადლმოსილი ნავთობით გალაღებული ბაქო მთელი მსოფლიოს ცენტრში იყო მოქცეული და ბაქოს ქუჩებში გამეფებული ბოლიდების ღმუილის ხმა გახლდათ ის ჰანგი, რომელიც ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს დასავლეთის ცივილიზაციისკენ უკვალავს გზას, რიგით აზერბაიჯანელებს კი აძლევს იმედს, რომ მათ დედაქალაქში უკვე მეორედ გამართული FORMULA 1-ის გრან-პრი ის ტრამპლინი იქნება, რომელიც მათ ქვეყანას დიდ სპორტულ და პოლიტიკურ შარაგზაზე გაიყვანს.
ჯერ სატესტო თუ საკვალიფიკაციო რბოლებზე, შემდეგ კი უშუალოდ ბაქოს გრან-პრიზე პირველად მოხვედრილ ადამიანებს ბედად გვხვდა ის სიხარული, რაც ბაქოში ამ ოთხი დღის განმავლობაში სუფევდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების გამო, ბაქოს დიდი ნაწილი გადაკეტილი და პარალიზებული იყო, ქალაქი დიდი სიხარულით ხვდებოდა სტუმრებს და მათ შორის მათთვის კარგად ნაცნობ ქართველ სპორტის მოყვარულებსაც. ბაქოში ჩასულიყვნენ ისეთი ეგზოტიკური ქვეყნების მკვიდრი ავტოსპორტის მოყვარულებიც კი, როგორიც მაგალითად ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და კამბოჯა გახლავთ. ერთ რამედ ღირდა იმის ნახვა, როგორ მადიანად შეექცეოდა დანიელი წყვილი ბაქოურ ცხვრის ტოლმას და აზერბაიჯანული სიდინჯით დაგემოვნებით აყოლებდა მაგარ, უშაქრო ჩაის.
მათ, ვინც არ, ან ვერ შეძლო რბოლებზე დასასწრები ბილეთების შეძენა, სარბოლო ტრასის გაყოლებაზე მშვენივრად რესტავრირებული სახლების სახურავებზე და აივნებზე დაეკავებინათ ადგილი. სახურავებზე მსხდომთა შორის რიგითი ბაქოელების გარდა, შედარებით ჯიბეცარიელ ტურისტებსა და უცხოელ სპორტის მოყვარულებსაც ნახავდით. მოხუც ნაზიმს თავისი სახლის აივანზე მთელი ინფრასტრუქტურა ჰქონდა მოწყობილი თავისი სამოვრით, რამდენიმენაირი დურბინდით, ხილით, ნარდით და მობერებულ მეგობრებთან ერთად ისეთი აზარტით უყურებდა ბოტასის თუ ვეტელის ჩაქროლებებს, თითქის თავის ცხოვრებაში სპორტის ამ სახეობის ცქერის გარდა სხვა არაფერი ეკეთებინოს.
უცხოელ ქომაგებს შორის ბაქოში ყველას რა თქმა უნდა იქვე, დაღესტნიდან გადმოსული რუსები სჭარბობდნენ. რუსებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მათი თანამემამულე სერგეი სიროტკინი რაიმე განსაკუთრებულს ჩაიდენდა, მაგრამ ახალგაზრდა მრბოლელს მოსახვევში უხეიროდ შესვლისას ჯერ კინაღამ ავტომობილი აუფეთქდა, შემდეგ კი იმის უხეირობაზე ყველა უცხოელი ისე ხალისობდა, რომ რუსი ქომაგების რაოდენობამ სარბოლო ტრასების გასწვრივ ტრიბუნებზე საგრძნობლად მოიკლო. სამაგიეროდ მოიმატა ლუდხანებსა და ბარებში, რაც ცხადია არავის გაგვკვირვებია.
უკვე ვთქვით, თუმცა მაინც ხაზგასმით უნდა ვახსენოთ რიგითი, უბრალო ბაქოელები - ხალხი, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები არიან და უცხოელებს ჭეშმარიტად კავკასიური სტუმართმოყვარეობითა და სითბოთი ხვდებოდნენ. ბაქოში მყოფი ქართველები ერთგვარი შურითა და დანანებით აღნიშნავდნენ, რომ განსახვავებით საქართველოსგან, ვერსად ნახავდით უცხოელი სტუმრების მოტყუების ერთ მცდელობასაც კი რესტორანში იქნებოდა ეს, მაღაზიაში, ტაქსიში თუ სადმე სხვაგან. ჩვენთან კი როგორც იცით, უცხოელებისათვის ყველაფერზე ფასების შეგნებული გაბერვა და მათი მოტყუება სამწუხარო და გულსატკენ ტრადიციად ჩამოყალიბდა.
აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დიდი სიხარულით და რაც ყველაზე მთავარია, ინგლისური და რუსული ენის გემრიელად ცოდნით ყველას ხალისით ასწავლიდნენ გზას, მიაცილებდნენ სასურველ ადგილებამდე, ეხმარებოდნენ გარკვეულიყვნენ სხვადასხვა ადგილებში და ამას აკეთებდნენ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და რაც მთავარია იმის რწმენით,რომ ეს მათ ქვეყანას ჭირდებოდა, გამოადგებოდა, სახელს გაუთქვამდა...
ბაქოს გრანპრის ტრასისგაღმა თუ თავად სპორტული ამბები ძალიან ბევრია და ერთ ბლოგში ნამდვილად ვერ ჩაეტევა. სათქმელი კი იმდენია - თქვენი მოწონებული. ამიტომ, ჩვენს მკითხველებს აქვე მივცემ პირობას, რომ ბაქოურ ერთმანეთზე საინტერესო ამბებს მერეც დავუბრუნდები და იმედს ვიტოვებ, რომ მეზობელი აზერბაიჯანის მსგავსად, ჩვენც გვეღირსება და ჩვენც შევძლებთ ასეთი დიდი სპორტული ზეიმის მასპინძლობას, გაძღოლას და ღირსეულად ჩატარებას.
ლევან სეფისკვერაძე სპეციალურად worldsporti.ge-სთვის ბაქოდან