მაგარი დრამა იყო საქართველოს ეროვნულ ლიგაში. ისეთი, აქამდე მხოლოდ უცხოურ მოედნებზე რომ გვინახავს. გორის “დილამ” “რუსთავს” უმასპინძლა და საქმე ისე მიდიოდა, თითქოს უსათუოდ სამი ქულა უნდა მოეპოვებინა.
გიორგი დარასელიას გუნდი მიმდინარე სეზონში უკეთეს ფეხბურთს თამაშობს და ფავორიტადაც განიხილებოდა. “დილამ” თავიდანვე სერიოზულად მიჰყო საქმეს ხელი და უკვე მეათე წუთზე დაწინაურდა. ალვინ ფორტისმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ნუკრი რევიშვილი აშკარად მოუმზადებელი შეხვდა დარტყმას, ახლო კუთხეში გაუშვა. ჰოლანდიელი ფორტისი კი, ეროვნულ ლიგას ჩინებულად მოერგო.
“დილა” უპირატესობას ფლობდა და ბოლოსკენ მეორე გოლიც გაიტანა, რომელიც კარგ კოტრშეტევას მოჰყვა. ლეანდრო რიბეირომ ნოდარ ქავთარაძეს ჩაუწოდა, რომელმაც მკერდით დაამუშავა ბურთი და ლამაზი გოლით სხვაობა გაზარდა – 2:0. რაღა რჩებოდა, 10 წუთი და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი გახლდათ. თანაც, “რუსთავიც” არ ჩანდა, მაინცდამაინც გოლების გამტანი, მაგრამ თურმე ისე არ წვიმდა, როგორც წუხდა!
90-ე წუთზე გაბულოვის ჯარიმა ხარიხამ აისხლიტა და ბურთი კარის წინ დაუცველ პოზიციაში მდგომ თამაზ მაქაცარიას მიუვიდა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. მერე იყო გიორგი ვადაჭკორიას დამატებული წუთები, რომელიც ამოიწურა, მაგრამ “რუსთავი” ჯერ ჯარიმას ასრულებდა, რომელსაც კუთხური მოჰყვა და არბირტმაც საფინალო სასტვენი გადადო. კუთხურს გოლი მოჰყვა, თან ვისგან?! საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კარის დარაჯი ნუკრი რევიშვილი საჯარიმოში ჩავიდა. რატომღაც, გორელმა მცველებმა ტანმაღალ კიპერს ყურადღება საერთოდ არ მიაქციეს. ჩაწოდებაც იდეალური გამოდგა, იმდენად იდეალური, რომ ნუკრის ფაქტობრივად ახტომაც არ დასჭირვებია, შეაგება თავი და ბურთი კარში აღმოჩნდა! VIDEO
ეს გოლი და მატჩის დასრულება ერთი იყო – 2:2. მოკლედ, დრამა შედგა “თენგიზ ბურჯანაძეზე”, ნებისმიერი რანგის მატჩს რომ დაამშვენებდა...
იქამდე კი, “დილამ” ზედიზედ მეორე ფრით ცოტა გაირთულა სიტუაცია და 12 ქულით მესამე ადგილზე კი დარჩა, მაგრამ ლიდერს შესაძლოა უფრო ჩამორჩეს, ხოლო ვლადიმირ გაზაევის “რუსთავმა” ბოლო სამ მატჩში 7 ქულა გამოიმუშავა და მეხუთე პოზიციამდე აღზევდა.
“დილა” – “რუსთავი” 2:2 (1:0)
გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”
“დილა” (4-2-3-1): ბეგაშვილი; მაჩაიძე, კვახაძე, ჩადუნელი, სუხიაშვილი; რაჟამაშვილი, რაზმაძე (ნონდი 28); ფორტისი, ფანცუალაია (ქავთარაძე 55), ლეანდრო რიბეირო (გოგიაშვილი 90); კოვტალიუკი
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
“რუსთავი” (4-2-3-1): რევიშვილი; გეგეჭკორი, კვირკველია, ცხოვრებოვი, ცარიკაევი; პაპავა, ცინცაძე (მარცვალაძე 82); ციცქიშვილი (ხადარცევი 73), გაბულოვი, მიქელთაძე; ქავთარაძე (მაქაცარია 61)
მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი
გოლები: 1:0 ფორტისი (10), 2:0 ქავთარაძე (80), 2:1 მაქაცარია (90), 2:2 რევიშვილი (90)
გაფრთხილება: რაჟამაშვილი (44), ქავთარაძე (90) – ცხოვრებოვი (70), ხადარცევი (78)
მსაჯი: გ. ვადაჭკორია