მონტე-კარლოს მასტერსის მერვედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დომინიკ ტიმს შეხვდა და 7:6, 2:6, 3:6 დამარცხდა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია, შემდეგ კი ავსტრიელმა თამაშის ხარისხი გამოასწორა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
ჯოკოვიჩი ტიმის დამარცხების შემთხვევაში რაფაელ ნადალს შეხვდებოდა, თუმცა გულშემატკივრების მოლოდინი არ გამართლდა. ესპანელმა კარენ ხაჩანოვი 6:3, 6:2 დაამარცხა. ტურნირის პირველ ნომრად განთესილი რაფა მეოთხედფინალში ტიმს შეხვდება. გასულ წელს გრუნტის საფარზე ნადალი დომინიკს ოთხჯერ შეხვდა, საიდანაც სამი მოიგო და ერთხელ რომის მასტერსის ფინალში დამარცხდა.
სხვა მეოთხედფინალურ წყვილებს რაც შეეხება, გრიგორ დიმიტროვი დავიდ გოფინს შეხვდება. რიშარ გასკემ მიშა ზვერევი დაამარცხა, კარიერაში მე-500 მატჩი მოიგო და ახლა ალექსანდრ ზვერევთან გაარკვევს ურთიერთობას. მარინ ჩილიჩი კი ანდრეას სეპის და კეი ნიშიკორის შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.