სუპერლიგის დღევნდელი მატჩები “ოლიმპისა” და “რუსთავის” საინტერესო შეხვედრით დასრულდა. ჩემპიონტის ერთ-ერთი ლიდერი საკმაოდ ამბიციურ “ოლიმპს” ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში – 83:80 დაამარცხა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, რომლებმაც პირველი პერიოდი 21:11 მოიგეს. მეორე მეოთხედიდან მოედანზე ვითარება სტუმართა სასარგებლოდ შეიცვალა, რომლებმაც საიმედო დაცვის ხარჯზე ოლიმპელებს შეტევები შეუზღუდეს და ამის ხარჯზე მეორე მეოთხედი 3 ქულის სხვაობით – 28:25 მოიგეს.
დიდი შესვენებიდან რუსთაველები კიდევ უფრო მოტივირებულები დაბრუნდნენ და სწრაფი შეტევებისა და ზუსტი შორი სროლებით ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი წინაც გაიჭრნენ. გამოსარჩევია ადამ ბლეიზეკისა და ბრაიან ბერნარდის ზუსტი სროლები, ხოლო ფარქვეშ ტაირელ ნელსონი დომინირებდა, რომელმაც საბოლოოდ მოხვეჭილი 19 ქულიდან უმეტესობა სამწამიანი ზონიდან მოიხვეჭა.
მესამე პერიოდი სტუმრებმა 24:15 მოიგეს და ბოლო, 2-წუთიან შესვენებაზე 2-ქუავიდნენ – 63:61. ბოლო პერიოდში ქვემოქართლელები ლიდერობის შენარჩუნებას ახერხებდნენ, “ოლიმპი” კი მერაბ ბოქოლიშვილის, რევაზ როგავას, მორის ჰილის, გივი ბაქრაძისა და გეგი ბაქრაძის ქულებით ჩამორჩენის გაბათილებას ცდილობდნენ. ბოლო წუთზე “ოლიმპი” მეტოქეს 2 ქულით მიუახლოვდა, დაცვაშიც იყოჩაღა და შეტევის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ… საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე ფარქვეშ შეჭრილმა ბაქრაძემ თანაგუნდელს არაზუსტი პასი მიაწოდა, რითაც ოლიმპელებმა მოგების შანსი ფაქტობრივად დაკარგეს.
მასპინძელთა ტაქტიკური ჯარიმის შემდეგ რუსთაველმა გოგა ცეკვავამ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რის შემდეგაც 3 ქულით ჩამორჩენილ “ოლიმპს” თამაშის გადარჩენის შანსი მიეცა, მაგრამ ბოქოლიშვილის ცენტრიდან ნასროლმა სამქულიანმა რუსთაველთა კალათს ვერ მიაღწია. გამარჯვებულებს 25 ქულით ადამ ბლეიზეკმა ულიდერა. 19 ქულა და 11 მოხსნა ტაირელ ნელსონის ანგარიშზე დაგროვდა. ბრაიან ბერნარდიმ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. “ოლიმპის” შემადგენლობაში 17 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო იყო მორის ჰილი, გივი ბაქრაძემ კი თავის გუნდს 15 ქულა შესძინა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
რამაზ გოგობერიშვილი – „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
„ცუდი პერიოდი ჰქონდა გუნდს, ძალიან ბევრი თამაში წავაგეთ. თუმცა, დღეს ბიჭები მობილიზდნენ და ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად. მინდა მივულოცო მათ და მადლობა გადავუხადო ამ მონდომებისთვის. ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა დაცვაში, რომელთა გამოსწორებასაც შევეცდებით.“
დიმიტრი ჟაკობოვი – „ოლიმპის“ მწვრთნელი:
„ვულოცავ „რუსთავს“ გამარჯვებას. ასეთ გუნდთან პირველივე წამებიდან მოტივირებული და კონცენტრირებული უნდა იყო. ჩვენ ამ თამაშის გეგმა ვერ შევასრულეთ. მრავალი დეტალი იყო, რომლებმაც თამაშის ბედი გადაწყვიტეს, ერთ-ერთი მათგანი იყო ის, რომ ჩვენ მათ მეორე შანსს ვაძლევდით და ისინი ახალი შეტევების ორგანიზებას ასწრებდნენ.“
ოლიმპი – რუსთავისტატისტიკა: 80:83
gbf.ge