ძიუდო

11:09 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კინკილა ბრინჯაო რუსული ტატამიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ეკატერინბურგის გრან სლემი ერთადერთი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. რუსულ პოდიუმზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზებედა რეხვიაშვილი ავიდა.

ოქრო-ვერცხლის შანსი რეხვიაშვილმა მეოთხედფინალში დაკარგა, იაპონელ ტაკეში სასაკისთან მარცხით. იქამდე ქართველმა ძიუდოისტმა ბრიტანელი სტიუარტ მაკოტი ჩამოიშორა. რეპეშაჟში კი რუს მურატ ხაბაჩიროვს და იტალიელ ანტონიო ესპოსიტოს აჯობა. გრან სლემის მესამე ადგილით ზებედა რეხვიაშვილმა 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

ეკატერინბურგში საქართველოს სახელით ტატამზე სულ რვა ძიუდოისტი გავიდა. ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს კონკურენციაში ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ზვიად კაპანაძე (73 კგ) ჩაებნენ და შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.

მეორე დღეს ირაკლი ცირეკიძის გუნდიდან, რეხვიაშვილის გარდა იჭიდავეს: თამაზ კირაკოზაშვილმა (81 კგ), ონისე სანებლიძემ, დავით ოზბეთელაშვილმა (ორივე 100 კგ), გურამ თუშიშვილმა და ონისე ბუღაძემ (ორივე +100 კგ). სანებლიძე, ოზბეთელაშვილი და თუშიშვილი პირველსავე შეხვედრაში დამარცხდნენ. კირაკოზაშვილმა ერთი ეტაპი დაძლია. ბუღაძე კი რეპეშაჟის ფინალამდე მივიდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

0.116389