ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და მექსიკამ მსოფლიოს 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს.
როგორც აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლოს კორდეირო აცხადებს, მათი უპირატესობა სრულ მზადყოფნაში მყოფი ინფრასტრუქტურაა და მზად არიან, უმაღლეს დონეზე ჩაატარონ მთავარი საფეხბურთო ტურნირი.
“მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის კანადის, მექსიკისა და აშშ-ის ერთობლივი განაცხადი წარდგენილია! ჩვენი გზავნილი მსოფლიოს: 23 უმაღლესი დონის სტადიონი და 150 საწვრთნელი ბაზა, რომლებიც უკვე აშენებულია და ფუნქციონირებს. ჩვენ მზად ვართ ტურნირის მასპინძლობისთვის!” - წერს “ტვიტერის” პირად გვერდზე კორდეირო.
ფიფა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძელს მიმდინარე წლის 13 ივნისს შეარჩევს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სამეულს კონკურენციას მაროკო გაუწევს, რომელმაც ასევე წარადგინა საკუთარი განაცხადი.