ფეხბურთი

17:20 | 15.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინფრასტრუქტურული პროექტები 2018 - რუსთავი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, 15 მარტს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სამუშაო ვიზიტით რუსთავს ესტუმრა. ფედერაციის ხელმძღვანელმა, ქალაქ რუსთავის მერთან - ირაკლი ტაბაღუასთან ერთად, რუსთავის სტადიონი მოინახულა, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება. უკვე არსებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი ბუნებრივი საფარით შეიცვლება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით კი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება.

დაგეგმილი სამუშაოების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა:

„აღნიშნულ სტადიონთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში, არსებობდა სერიოზული პრობლემები იმიტომ, რომ ის არ იყო მუნიციპალიტეტის ბალანსზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ საკითხზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომელშიც ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები ჩვენ, სახელმწიფო - ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და სტადიონის მფლობელი. საბოლოოდ კი, მივაღწიეთ იმას, რომ სტადიონი ქალაქის საკუთრებაში გადავა. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი ფაქტია და მსურს, ხაზი გავუსვა იმას, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე. 2018 წლიდან ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტადიონებზე მოედნის საფარი იცვლება. რუსთავის სტადიონი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება. მომდევნო კვირიდან ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფი ჩამოვა ქალაქში და სამუშაოები დაიწყება: სტადიონზე ამჟამად ხელოვნური საფარია და ის ბუნებრივით შეიცვლება, ასევე მოწესრიგდება სადრენაჟო და სარწყავი სისტემები. ქალაქის მერიასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას. საბოლოო ჯამში, სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენ მივიღებთ კიდევ ერთ გამართულ სტადიონს, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.“

რუსთავის სტადიონის დათვალიერების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ამავე ქალაქში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მშენებარე საფეხბურთო ცენტრს ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

GFF.GE

თეგებირუსთავი
0.122225