რთულია გერმანიაში ნახოთ ჰამბურგისთანა შეძლებული, მოვლილი, სწორად ურბანიზებული და საინტერესო ქალაქი. ჰამბურგი ოდიდგანვე სავაჭრო ერთობის დედაქალაქი იყო, ჰამბურგის პორტი დღესაც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და ეს ცხადია ამ ქალაქის სიმდიდრესა და მხარგაძშლილობას უზრუნველყოფდა და დღესაც განაპირობებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჰამბურგის საფეხბურთო კლუბი უკვე წლებია ვეღარაა მოწოდების სიმაღლეზე, რიგითი ჰამბურგელები განსხვავებით სხვა ქალაქის მკვიდრთაგან, მაინც არ მოიხიბლნენ დორტმუნდის “ბორუსიისა“ და მიუნჰენის “ბაიერნის“ შარმით და როგორც ჰამბურგელი ფერადკანიანი ოფიციანტი, 26 წლის ნიშ კაფმანი ამბობს, თუკი ჰამბრუგელი მიუნჰენურ კლუბს უგულშემატკივრებს, დროა გუდანაბადი აკრიფოს და სამხრეთისაკენ მიმავალ მატარებელში ჩასკუპდეს.
ჰამბურგი, როგორც გერმანიის მეორე ქალაქი და ამ ქვეყნის ჩრდილოეთის უპირველესი ცენტრი, ვერ ვიტყვით, რომ დიდად მოსახერხებელია ფეხბურთის მოყვარული ბიჭ-ბუჭობისათვის. ჯერ ერთი, ზამთარი და სუსხიანი ამინდები ამ მხარეში კრიტიკულად დიდხანს გრძელდება და სუსხსა და ქარშოტში ბურთის გორება დიდი ვერაფერიშვილი სიამე რომაა - ცხადია. ხოლო ვისაც ჰგონია, რომ რაგინდ ჩათბილულ სპორტულ დარბაზში იშვება დიდი ფეხბურთი, ნამეტნავად შემცდარა და ჯობია საერთოდ ნუ იტყვის ნურაფერს.
გარდა ამისა, როგორც უკვე ვთქვით, ჰამბურგი ერთობ შეძლებული ქალაქი და კომერციული ცენტრია და აქ გოჯ მიწასაც კი ოქროს ფასი ადევს. სწორედ ამიტომ, განსხვავებით ბერლინისგან, ჰამბურგში არცთუ ბევრია სათამაშო მოედნები და სკვერები. ჰამბურგის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ტერიტორიას ბევრად უფრო პრაგმატული მიზნებით იყენებს და სადაც არ უნდა გაიხედო, სავაჭრო ცენტრი და ფულსაჭრელი ალაგებია წამოჭიმული.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ფეხბურთი ჰამბურგში მაინც სპორტის უპირველესი სახეობაა და ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. თუმცა, ჰამბურგელებს მათი რეალობა ძალიან არ მოსწონთ და არც წუწუნს ერიდებიან. 54 წლის ფრიდრიხს მიაჩნია, რომ ჰამბურგი კომერსანტებმა დაღუპვის გზაზე დააყენეს, რადგან მის ბავშვობაში მდინარე ოდერის ნაპირებთან ბურთის საგორებლად ყმაწვილთათვის შესანიშნავი სივრცეები არსებობდა, დღეს კი, ეს სივრცეები მთლიანად კომერციული მიზნებითაა ათვისებული. მის აზრს სხვებიც იზიარებენ და ყველა მისტირის იმ დროს, როდესაც ჰამბურგი თავად შობდა საფეხბურთო ვარსკვლავებს და მათი საფეხბურთო კლუბი მთლიანად ლეგიონერებით არ იყო დაკომპლექტებული.
“ჩვენს გუნდს სულ უფრო უჭირს ბუნდესლიგაში მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა. ეს მაშინ, როდესაც “ჰამბურგს“ ფული ნამდვილად არ აკლია. რისი ბრალია ეს? პირველ რიგში იმის, რომ ჰამბურგელებს ფეხბურთი ძალიან გვიყვარს, მაგრამ შვილები ძალიან ცოტას დაჰყავს ფეხბურთზე. მხოლოდ ლეგიონერებით “ბარსელონაც“ კი ვერ მიაღწევს წარმატებას“ - გვეუბნება რიგითი ჰამბურგელი, ჰერ ოტტო, რომელიც ახალგაზრდობაში მეკარე ყოფილა და ახლაც ისეთ ფორმაშია, გვარიანი ნახტომის გაკეთება წესით არ უნდა გაუჭირდეს.
ეკონომიკური წარმატება ყველა ქვეყნისა და ქალაქის ოცნება და მიზანია და ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ, როგორც ზოგიერთი ჰამბურგელი ამბობს, არცთუ სასიამოვნია, როდესაც ფინანსური წარმატებულობა სიჯანსაღესა და სპორტულ მომავალს ჩრდილავს. ჩვენ კი მაინც საკუთარ სადარდებელთან ვრჩებით, რადგან საქართველოსთვის სამწუხაროდ არც ერთია და არც მეორე...
ლევან სეფისკვერაძე ჰამბურგიდან სპეციალურად WORLDSPORT.GE-სათვის