ჩოგბურთი

16:30 | 28.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის მორიგი მიღწევა: როჯერმა მე-20 დიდი სლემი მოიგო

როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ხორვატი მარინ ჩილიჩი ანგარიშით 6:2, 6:7, 6:3, 3:6, 6:1 დაამარცხა და კარიერაში მე-20 დიდი სლემი მოიგო. აღნიშნული ტურნირის ტრიუმფატორი შვეიცარიელი მეექვსედ გახდა. ჩილიჩი კი მესამედ იყო დიდი სლემის ფინალში და მის აქტივში მხოლოდ ერთი გამარჯვებაა, როდესაც 2014 წელს ამერიკის ღია ჩემპიონატი მოიგო.

პირველი სეტი ფედერერმა იოლად მოიგო, მეორეში კი ჩილიჩმა ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა. მესამე სეტი შვეიცარიელმა ასევე იოლად მოიგო, მეოთხე სეტში კი ხორვატმა შესაშური გამძლეობა გამოიჩინა, როდესაც 2:3-ს აგებდა და როჯერს ზედიზედ ოთხი გეიმი მოუგო. გადამწყვეტ სეტში მარინს ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდა და ფედერერმა აქ გამოავლინა მისი კლასი. სეტი როჯერმა დაიწყო და ჩილიჩს ორჯერ ჰქონდა ბრეიკის შანსი, თუმცა მეტოქემ გეიმი სათავისოდ დაასრულა. ჩილიჩის მოწოდებაზე ანგარიში 40:40 იყო, როდესაც ერთ მოწოდებაზე ხორვატმა შეცდომა დაუშვა, მეორეზე კი მსაჯებმა აუტი არ დააფიქსირეს, ფედერერმა გადაწყვეტილება გააპროტესტა და გამეორება მოითხოვა, სადაც აღმოჩნდა რომ ჩილიჩის მოწოდების დროს ბურთი აუტში იყო. მართალია როჯერის გადაწყვეტილება ჩილიჩს არ ესიამოვნა, თუმცა ვეღარ შეძლო გეიმის შემოტრიალება და დაბრეიკდა. ამის შემდეგ კი სეტი ფედერერის დომინანტობით წარიმართა და იოლად იმარჯვა.

განვლილ შეხვედრაში ფედერემა 24 ეისი მოაწოდა, ხოლო ჩილიჩმა - 16. ორმაგ შეცდომებში ხორვატი “ლიდერობდა” - 5:4. გათამაშებიდან სუფთა ქულა მარინმა უფრო მეტი აიღო - 45:41, თუმცა შეცდომები ხორვატს უფრო მეტი ჰქონდა - 64:40. ფედერერმა 13 შესაძლებლობიდან გეიმი 6-ჯერ მოიგო მეტოქის მოწოდებაზე, ხოლო ჩილიჩს 9-ჯერ ჰქონდა შანსი და 2-ჯერ შეძლო მეტოქის დაბრეიკება.

ფედერერმა მეექვსედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და ამ მაჩვენებლით ტურნირის ყველაზე მეტ მომგებ როი ემერსონსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუთანაბრდა. შვეიცარიელი 30-ედ გავიდა დიდი სლემის ფინალში და ტრიუმფით დაასრულა. რეიტინგში კი როჯერს 9605 ქულა დააგროვა და ლიდერ რაფაელ ნადალს 155 ქულით ჩამორჩება. ესპანელს ტრავმა აქვს და 36 წლის შვეიცარიელს შანსი აქვს უახლოეს მომავალში რეიტინგის სათავეში მოექცეს. მარინ ჩილიჩმა კი ავსტრალიაში ნაჩვენები შედეგით სამი ადგილით წინ წაიწია და განახლებულ რეიტინგში 4960 ქულით მესამე ადგილზე იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112076