კალათბურთი

19:57 | 26.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავმა" "ოლიმპს" ბრძოლაში მოუგო

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-16 ტურის ერთი მატჩი დღეს რუსთავში გაიმართა. ერთმანეთს უშუალო კონკურენტები – “რუსთავი” და “ოლიმპი” შეხვდნენ. გამარჯვების შემთხვევაში თბილისური კლუბი ქვემოქართლურს ქულებით უთანაბრდებოდა, ხოლო “რუსთავისთვის” მოგებას ცხრილში მე-2 ადგილი მოჰქონდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი 19:17 სტუმრებმა მოიგეს. თანაბარი თამაში მეორე მეოთხედშიც გაგრძელდა. რუსთაველებმა 10-წუთეული 21:18 მოიგეს და დიდ შესვენებაზე მინიმალური სხვაობით დაწინაურდნენ 38:37.

ვერც მესამე მეოთხედში გამოიკვეთა ლიდერი და ცხადი იყო, თანაბარი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდებოდა. ასეც მოხდა, ბოლო წუთზე რუსთაველებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს, “ოლიმპი” კი შანსს ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა. მორის ჰილის სამქულიანმა სტუმართა ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა, თუმცა რეზო ჩაჩანიძემ ორივე საჯარიმო ჩააგდო და “რუსთავი” 75:72 დააწინაურა. შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდა. “ოლიმპმა” ვერ მოასწრო შეტევის ორგანიზება.

“რუსთავს” 18 ქულით ბრაიან ბერნარდიმ ულიდერა. 15 ქულა რეზო ჩაჩანიძის ანგარიშზეა, ხოლო ადამ ბლეიზეკმა და ტაირელ ნელსონმა 11-11 ქულა დაგროვდა. “ოლიმპში” 20 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო მორის ჰილი. 15 ქულა გივი ბაქრაძის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო რევაზ როგავამ თბილისელებს 13 ქულა შესძინა.

რუსთავი – ოლიმპი 75:72

მე-16 ტურის დარჩენილი 3 მატჩი ხვალ, 27 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, რითაც დასრულდება სუპერლიგის მე-2 წრე.

gbf.ge

0.11743