როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ეს წერილი მეც ბოდიშით უნდა დავიწყო. ბოდიში პირველ რიგში იმის გამო, რომ ვერასოდეს წამოვიდგენდი დაწერა მაინცდამაინც ფეხბურთზე თუ მომიწევდა და ბოდიშს იმაზეც ვიხდი, ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვითრევდი ფეხს და მუდამ სახვალიოდ ვდებდი ამ წერილის დაწერას. მიზეზი სიზარმაცეზე მეტად, პათეტიკურობის სიძულვილია, მაგრამ ახლა ამის ახსნას აბა რაღა აზრი აქვს? ისე კი ვაღიარებ, - ძალიან რთული და უსიამოვნო რამ ყოფილა გარდაცვილი მეგობრისათვის წერილის მიწერა.
გუშინ შეღამებულზე “დინამოს“ სტადიონთან გავიარე და სწორედ მაშინ გადავწყვიტე წერილის მოწერა. ეს სტადიონი ხომ ის ადგილია, სადაც ბავშვობაში და სიჭაბუკეში აურაცხელჯერ ვიყავით და თითქმის ყოველთვის დაძმარებულები ვბრუნდებოდით შინ. გახსოვს ერთად პირველად როდის ვიყავით “დინამოზე“ თამაშის სანახავად? მე მახსოვს! სულ ახლადშექმნილი საქართველოს ნაკრები ამხანაგურად ბელორუსს ეთამაშებოდა და ის ფრე ისე გვეწყინა, მაშინ ალბათ ვერსოდეს წარმოვიდგენდით, რომ დადგებიდა დრო, როდესაც ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ფარერების კუნძულების საცოდავ გუნდთანაც კი წააგებდა. მაშინ სხვა ამბიციები და სურვილები გვქონდა. მერე რა, თუ გაყინულ, უშუქო და უსასოო ქალაქში ვცხოვრობდით...
ამის შემდეგ აწგაუქმებულ თბილისურ გუნდს - “მერანი 91“-ს რუსთავში გავყევით საქართველოს ჩემპიონატის გასვლით თამაშზე და ვისაც უნდა იმან დაგვცინოს, მაგრამ ჩვენ ხომ ნამდვილად ვიცით, რომ თავს მადრიდში ჩასულ კატალონიელ ინჩასებზე ნაკლებებად არ ვთვლიდით! რუსთაველ (გახსოვს, რა კარგი გუნდი ყავდა მაშინ რუსთავს?!) ქომაგებთან ეს პატარა ბიჭები სიტყვიერ (მადლობა ღმერთს ფიზიკურ ტყეპას გადავურჩით) პაექრობაშიც კი ჩავებით. ის თამაში “მერანმა“ 2:1 მოიგო და ისიც მახსოვს უკან თბილისში როგორ მოვდიოდით ძველი, ყვითელი “იკარუსით“ და არაფრად ვაგდებდით სხვა მგზავრების ირონიულ მზერას, რომლებიც იმ “დიადი გამარჯვების“ შესახებ ჩვენს ვრცელ საზეიმო მონოლოგებს მათდაუნებურად ისმენდნენ.
2000 წლის ევროპის ჩემოიონატზე იტალიის ნაკრების ფინალში დამარცხება როგორ მწარედაც გადავიტანეთ - ეგეც მახსოვს და ისიც მახსოვს, მაშინ უკვე სტუდენტები როგორი მთელი სერიიოზულობით ვგეგმავდით, იტალიის კარში გოლის გამტან ფრანგ დევიდ ტრეზეგეზე “შურისძიებას“. მის სახელზე წერილიც კი გავაშანშალეთ, სადაც ტრეზეგეს ათასი უცნაური სიტყვთ “ვამკობდით“ და ეს წერილი ბატიფეხური ფრანგულით ვათარგმნინეთ და გადავაწერინეთ უცხო ენების ინსტიტუტის ნაცნობ სტუდენტს. ნეტა სადაა ახლა ის წერილი? შენი ამბავი რომ ვიცი, მართლა გააგზავნიდი...
ჩვენი ფეხბურთის ერთად ცქერის ამბები ცალკე მოგონებების ასხმულაა და როდესაც ამაზე ვფიქრობ, სულ ის მახსენდება, მუხლზედამდგრები როგორ შევღაღადებდით ფილიპო ინძაგის, მეათე ცდაზე მაინც გაეტანა გოლი “ინტერის“ კარში და ინძაგიმ, რა თქმა უნდა არ, “შეისმინა“ ჩვენი ვედრება. ლუის რონალდუს კარიკატურა რომ გააკარი შენს საპირფარეშოში ისიც მახსოვს და ბრაზილიის დროშაზე ეშმაკი რომ მიახატე - ისიც.
ერთხელ, ტელეფონის ზარით შუაღამეს რომ გამაღვიძე და ვალტერ გუჩუას შესაძლებლობებზე რა აზრის ხარო - მკითხე, არც ეგ დამვიწყებია. ამ ბოლო დროს კი არ ვიცი წლების მატების ბრალია თუ რისი, გამოგიტყდები და სულ იმ დღეებზე ვფიქრობ, როდესაც ფეხბურთი ბავშვური რწფელი სიალალით გვიყვარდა და სათამაშო დღეების დადგომა გაგიჟებით გვახარებდა.
ახლა, როდესაც ქუჩაში მიმავალ, ფეხბურთზე მოლაყბე ბიჭებს ვხედავ, სულ მინდა, რომ მივიდე და ვუთხრა რომ, გაუფრთხილდნენ და შეიყვარონ მათი ყმაწვილური ცხოვრების ყოველი დღე და საათი და მთელი ცხოვრება გაიყოლონ ის ნამდვილი, ნაღდი ფიქრები და ემოციები. ჩემი ნება რომ იყოს, ამ სურვილს “დინამოს“ სტადიონის მთავარ ტაბლოზე ავაციმციმებდი სამუდამოდ.