ფეხბურთი

0:43 | 24.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ევროპა ლიგაზე: კაშიას ფრე რომში, კვირკველია პლეი-ოფთან ერთ ნაბიჯში

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას აგრძელებენ ქართველი ფეხბურთელები. ამჯერად ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში მოედანზე სამი ჩვენებური ვიხილეთ.

საქმე ისე მიდის, რომ პლეი-ოფში მხოლოდ ერთს ვიხილავთ – სოლომონ კვირკველია და მოსკოვის “ლოკომოტივი” ძალზე ახლოს არიან 1/16 ფინალთან. “რკინიგზელებმა” საკუთარ მოედანზე დანიის ჩემპიონი “კოპენჰაგენი” დაამარცხეს (2:1), გამარჯვებულთა შორის ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა.

“ლოკომოტივის” ხუთი ტურის თავზე 8 ქულა აქვს და არ გაუფორმებია ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ ბევრიც არ აშორებს. მოსკოველები ბოლო ტურში აუტსაიდერ “ჟლინს” ხვდებიან.

არნემის “ვიტესი” რომში, “ლაციოს” დაუზავდა (1:1), მაგრამ ეს თამაში არაფერს წყვეტდა. “ლაციოს” ქვეჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდა (აქვს), ხოლო “ვიტესს” პლეი-ოფში თამაშის შანსი – დაკარგული.

კაშიამ “სტადიო ოლიმპიკოზე” თანაგუნდელებს 90 წუთი უკაპიტნა. “ვიტესს” 5 ტურში 2 ქულით ჯგუფში ბოლო პოზიცია უკავია.

კიდევ ერთი თამაში წააგო სკოპიეს “ვარდარმა”. მაკედონიის ჩემპიონი ამჯერად სანქტ-პეტერბურგში “ზენიტთან” ვერ გახდა ვერაფერს (1:2). ჯაბა ჯიღაური სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. “ვარდარს” ჯერჯერობით ქულა არ მოუპოვებია და ბუნებრივია, ბოლო საფეხურს იკავებს.

ბორისოვის “ბატე” შინ “ცრვენა ზვეზდას” დაუზავდა (0:0). როგორც დავეჩვიეთ მიმდინარე სეზონში, ბელარუსის ჩემპიონის რიგებში არ გამოჩენილა ვაკო გვილია. ჩვენებური განაცხადშიც არ ყოფილა. “ბატეს” 5 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შანსს ჯერაც ინარჩუნებს, რადგან მეორეადგილოსან “კიოლნს” მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

0.158276