ბლოგი

12:09 | 29.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიური ამოცანა

ბოლო წლებია ბელგიის საფეხბურთო ნაკრების შესახებ სულ ქება გვესმის და არცთუ დაუმსახურებლად. ბელგიელებს უკანასკნელ წლებში მართლაც გამორჩეული თაობა ყავთ და ასეთი საინტერესო გუნდი ბენელუქსელებს კაი ხანია არ ყოლიათ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ როგორც პატარა საფეხბურთო ქვეყნების სენია, ბელგიის ნაკრებიც რაიმე დიდი მიზნის მიღწევაზე ფიქრსაც კი ვერ “ბედავს“ და ყველამ ვიცით, რომ ბელგიის საფეხბურთო ნაკრები ოდენ სიმპატიური გუნდის იმიჯისთვისაა განწირული.

ფაქტი კი ისაა, რომ თაობები მიდიან და ფეხბურთის ულმობელი კანონი კი გვეუბნება, რომ უტიტულოდ გადაგებული გუნდები მომავალ ათწლეულებში ყველას ავიწყდება და რჩება მხოლოდ მათი სახელები რომელთაც დიდი გამარჯებები (თუნდაც დაუმსახურებლად) მოიპოვეს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენ ისედაც ვიცით, რომ მხოლოდ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და რაჯა ნაინგოლანისა და ლუკაკუს მომავალი აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მათ ტიტულმრავლობაზე იქნება დამოკიდებული.

რთულია და ალბათ უსამართლობაც იქნება დღევანდელი ბელგიის ნაკრები, რომელიც ყველა დიდ სანაკრებო ტურნირზე გამოდის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების იმ თაობას შევადაროთ, რომლებიც ბურთს 90-იან წლებში აგორებდნენ, მაგრამ მაინც რომ გავბედოთ ეს შედარება, ხელში ერთმანეთზე საუკეთესო და ნიჭიერი ფეხბურთელების მთელი თაობა შეგვრჩება, რომლებმაც სერიოზულს ვერაფერს მიაღწიეს და მხოლოდ კონკრეტულ მატჩებში ფანტასტიკური გაელვებებით დაგვამახსოვრეს თავი. სწორედ ამიტომაც დავარქვით ამ სენს “პატარა ქვეყნების სენი“, რომელიც ნაწილობრივ მსოფლიოს ჩემპიონატის სამგზის ფინალისტს, მაგრამ ვერაფრით გაჩემპიონებულ ჰოლანდიის ნაკრებსაც კი ეხება, რომელიც როგორც იცით უკვე რიგით მეორე დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვერ გავიდა. თუმცა ეს სულ სხვა ამბავია და ფეხბურთის მოყვარულმა ხალხმა სხვანაირად უნდა “ვიგლოვოთ“.

შარშან, საფრანგეთში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მქონდა ბედნიერება საკუთარი თვალით მენახა ბელგიისა და იტალიის საფეხბურთო ნაკრებების თამაში, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბელგიელებს დიდ ტიტულებზე ოცნებაც უჭირთ. მატჩის დღეს, ლამის მთელი ბელგია საფრანგეთის კოხტა ქალაქ ლიონში იყო ჩასული და ბელგიელები იტალიელ ტიფოზებს ლამის სამჯერ და ოთხჯერ ჭარბობდნენ. ყველა ბელგიელი ამბობდა, რომ იტალიასთან გამარჯვება მათი გუნდისთვის აუცილებელი იყო და კიდეც ჰქონდათ ამის იმედი, მაგრამ როდესაც ევროპის ჩემპიონობაზე ბელგიის ნაკრების შანსებზე ჩამოუგდებდი სიტყვას, პასუხის გაცემისგან ყველა თავს იკავებდა. ზოგი კი საერთოდ ამბობდა რომ ასეთი რამ წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო. რასაც ფიქრობს ქომაგი, სწორედ ეს განწყობა აქვთ ფეხბურთელებს და აქედანაც ბევრი რამის გაგება შეგვიძლია. ის მატჩი იტალიელებმა ძალიან კარგად ჩაატარეს და ბელგიელებს მშვენიერ სტილში მოუგეს. არადა, თამაშის წინ ყველა ბელგიელების გამარჯვებას ვარაუდობდა.

ევროპაში ვინც პატარა და საფეხბურთო თვალსაზრისით სუსტი ქვეყნის სინდრომი დასძლია, საბერძნეთის ნაკრები იყო, რომელიც დიდმა ოტო რეჰაგელმა სასწაულებრივად გააჩემპიონა, მაგრამ ყველა რეჰაგელი ვერ იქნება. სხვათა შორის, ანგელოს ხარისტიასობასაც მოხერხება უნდა...

0.114324