ფეხბურთი

10:00 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" დაბრუნდა: სექტემბრის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა განახლდა. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობდათ, საზაფხულო პაუზის შემდეგ კი ახალ სეზონს ვიწყებთ.

წესები უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

როგორ მოგახსენეთ, “თქვენ ირჩევთ” გასული წლის სექტემბრიდან იღებს სათავეს. სანამ ახალი სეზონის პირველ ნომინანტებს წარმოგიდგენთ, იქამდე თვალი გადავალოთ შარშანდელი სეზონის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელებს თვეების მიხედვით:

ჯანო ანანიძე (სექტემბერი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი) და გრიგოლ დოლიძე (მაისი).

ახლა კი, 2017 წლის სექტემბრის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. გეტყვით, რომ ექვსი კანდიდატი გვყავს და ყველა მათგანი ლეგიონერია.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ მაისის თვის ნომინანტთა სიას და ჯერი თქვენზეა – “თქვენ ირჩევთ”:

მათე ვაწაძე (“სილკებორგი”, დანია) – 28 წლის ქართველი ფეხბურთელი დანიურ “სილკებორგს” სწორედ სექტემბერში შეუერთდა და გუნდს მშვენივრად მოერგო. სუპერლიგაში “სილკებორგმა” მათეს გოლით დაამარცხა “ოდენსე”, რასაც ცოტა ხანში დანიის თასზე შესრულებული დუბლი მოჰყვა. მთლიანობაში ვაწაძემ გასულ თვეში 3 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო.

სოლომონ კვირკველია (“ლოკომოტივი”, რუსეთი) – სოლომონ კვირკველიას ირგვლივ საეჭვო არაფერია: ქართველ მცველს წარმატებული სექტემბერი ჰქონდა. მოსკოვის “ლოკომოტივის” ღირსება გასულ თვეში საბამ ექვსჯერ დაიცვა და გოლის გატანაც შეძლო, რუსეთის თასზე “კრილია სოვეტოვის” კარში. ხსენებული 6 თამაშიდან კი ორი ევროპა ლიგაზე ჩაატარა და ორივეში მაღალი შეფასება დაიმსახურა. ამას უნდა დავუმატოთ ორი სანაკრებო მატჩიც, რომელიც მაღალ დონეზე ჩაატარა.

გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია) – გურამ კაშიას სექტემბრის მონაგარმა 6 მატჩი (ორი საქართველოს ნაკრებში) და 1 გოლი შეადგინა. ქართველმა მცველმა ამსტერდამის “აიაქსის” კარი დალაშქრა. კაშიამ ევროპა ლიგაზეც მოსინჯა ძალები “ლაციოსა” და “ნიცას” წინააღმდეგ.

ვაკო გვილია (“ბატე”, ბელარუსი) – მართალია ვაკო გვილია “ბატეში” სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია, მაგრამ ვინაიდან უპირატესად საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩები მიიჩნევა, რჩეულთა შორის ადგილს იმსახურებს. ვაკომ ავსტრიის ნაკრებს ულამაზესი გოლი გაუტანა და ამ გოლით ვენიდან საქართველომ ქულა წამოიღო. ირლანდიის ნაკრებთანაც დამაჯერებლად ითამაშა. რაც შეეხება “ბატეს”, სექტემბერში ბელარუსის ჩემპიონის რიგებში ერთხელ ითამაშა.

ვაკო ყაზაიშვილი (“სან ხოსე”, აშშ) – გვილიასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში გოლით ვაკო ყაზაიშვილიც გამოირჩა. “ლეგიას” ექსშემტევმა ირლანდიის ნაკრები დაამწუხრა. რაც შეეხება საკლუბო მონაგარს: 4 მატჩი და ერთი გოლი სექტემბერში. ვაკომ “პორტლენდს” გაუტანა. საერთოდ, ყაზაიშვილი ნელ-ნელა MLS-ს ალღოს უგებს და “სან ხოსეს” ლიდერადაც ყალიბდება.

გიორგი მერებაშვილი (“ვისლა”, პოლონეთი) – გიორგი მერებაშვილმა სექტემბერში ნაყოფიერად ითამაშა. ქართველმა შემტევმა ექსტრაკლასას 3 მატჩში 1 გოლი, 2 საგოლე პასი და 1 გამომუშავებული პენალტი მიითვალა. ეს სულაც არაა მწირი მონაგარი. საქართველოს ნაკრებში ირლანდიასთან თამაშის ბოლოს ჩაერთო და გვახსოვს, ახლოს იყო გოლის გატანასთან. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, სექტემბერი მისთვის წარმატებულად უნდა ჩაითვალოს.

0.154589