ავტოსპორტი

15:51 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაქს ფერსტაპენმა იუბილე მალაიზიაში გამარჯვებით აღნიშნა

მაქს ფერსტაპენმა თავისი 20 წლის იუბილე, მალაიზიის დიდი პრიზის რბოლაში დამაჯერებელი გამარჯვებით აღნიშნა. მან პირველივე წრეზე შეძლო ლუის ჰამილტონის ჩამოტოვება, რომელმაც სტარტი პოულიდან აიღო. დაწინაურების შემდეგ, ფერსტაპენმა ლიდერობა მხოლოდ მაშინ დათმო (თანაგუნდელ დანიელ რიკარდოს გადააბარა), როცა საბურავების შესაცვლლად ბოქსებში შევიდა.

„შესანიშნავი, შესანიშნავია მაქს. შენი ახალი ათწლეულის დიდებული დასაწყისია, გილოცავ“, - რადიოთი მიულოცა გამარჯვება ჰოლანდიელს „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა. ეს ფერსტაპენის ფორმულა ერთის კარიერაში მეორე გამარჯვებაა. პირველი გასულ სეზონში, ესპანეთის დიდი პრიზის რბოლაში მოიპოვა.

„მანქანა დასაწყისიდანვე შესანიშნავად მუშაობდა. შევნიშნე, რომ ლუისს ჩაჭიდებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. რა თქმა უნდა, მას დასაკარგი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე მე. ამიტომ პირველივე მოსახვევში შევუტიე. მანქანამ დაუჯერებლად კარგად იმუშავა. კარგი სისწრაფე მქონდა. როცა მჭირდებოდა, ტემპსაც ვზრდიდი“, - რბოლის შემდგომ, კვარცხლბეკზე გამართულ სახელდახელო პრეს კონფერენციაზე განაცხადა ფერსტაპენმა.

ჩემპიონატის ლიდერმა ჰამილტონმა რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა. რაც მთავარია, მან მთავარ კონკურენტ სებასტიან ფეტელთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ფეტელმა სტარტი ბოლო პოზიციიდან დაიწყო, მაგრამ შესანიშნავად იასპარეზა, რბოლის მიწურულს უსწრაფესი წრე დააფიქსირა და ფინიშს მეოთხემ მიაღწია. რბოლის დასრულების შემდეგ კი, სანამ პიტლეინზე დაბრუნდებოდა, მას უკნიდან ლანს სტროლი დაეჯახა. გერმანლის „ფერარი“ ძიერ დაზიანდა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მასზე ტრანსმისია შესაცვლელი გახდება. ეს კი ფეტელს იაპონიის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე ადგილების დაკარგვად დაუჯდება.

მალაიზიის დიდი პრიზი უკანასკნელად გაიმართა. მისმა ორგანიზატორებმ აკიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ფ1-ის რბოლის მასპინძლობას აღარ გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ ამ აზიურ ქვეყანაში ფ1-ის რბოლები 1999 წლიდან ტარდება.

მიმდინარე სეზონში კი სულ ხუთი ეტაპიღა დარჩა. მორიგი გაჩერება იაპონიის სუზუკაა, სადაც დიდი პრიზების ქარავანი რბოლას ერთ კვირაში გამართავს.

მალაიზიის დიდი პრიზი

სეპანგი, დისტანცია 310.408 კმ (56 წრე, 5.543 კმ)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:30:01.290
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +00:12.770
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:22.519
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:37.362
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 00:56.021
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:18.630
  7. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  8. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1 წრე
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  12. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  14. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1 წრე
  15. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  17. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1 წრე
  18. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 2 წრე

გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 27 წრე

კგ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 56 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა, კგ - კლასიფიკაციის გარეშე

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:34.080, მე-40 წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 281 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 247; 3. ვალტერი ბოტასი - 222; 4. დანიელ რიკარდო - 177; 5. კიმი რაიკონენი - 138; 6. მაქს ფერსტაპენი - 93; 7. სერხიო პერესი - 76; 8. ესტებან ოკონი - 57; 9. კარლოს საინსი - 48; 10. ნიკო ჰულკენბერგი - 34; 11. ფელიპე მასა - 33; 12. ლანს სტროლი - 32; 13. რომენ გროჟანი - 26; 14. სტოფელ ვანდოორნი - 13; 15. კევინ მაგნუსენი - 11; 16. ფერნანდო ალონსო - 10; 17. ჯოლიონ პალმერი - 8; 18. პასკალ ვერლაინი - 5; 19. დანლ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) - 4; 20. მარკუს ერიკსონი - 0; 21. ანტონიო ჯოვანაცი (იტალია, ზაუბერი) - 0; 22. პიერ გასლი - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 503 ქულა; 2. ფერარი - 385; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 270; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 133; 5. უილიამს-მერსედესი - 65; 6. ტორო როს-რენო - 52; 7. რენო - 42; 8. ჰაას-ფერარი - 37; 9. მაკლარენ-ჰონდა - 23; 10. ზაუბერ-ფერარი - 5

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.277144