კალათბურთი

23:34 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ცქიტიშვილი: "საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებ"
"როგორც ჩანს, ზუროსს ეწყინა, რომ შარშან უარი ვუთხარი"

თბილისის “დინამო” ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ “ხუვენტუტთან” მატჩისთვის მზადების გადამწყვეტ ფაზაშია. “დინამო” აღნიშნული შეხვედრის წინ გაძლიერდა და სხვებთან ერთად, ნიკოლოზ ცქიტიშვილიც დაიმატა.

ცქიტიშვილი თავის დროზე NBA-ში თამაშობდა, თუმცა ერთ დროს საქართველოს გამორჩეული კალათბურთელი ბოლო ხანებში ჩრდილში მოექცა. ნიკას გარეშე ჩაიარა ევროპის ბოლო ორმა ჩემპიონატმაც და ამის მიზეზი, რაღა თქმა უნდა გულშემატკივარს აინტერესებს.

ბუნებრივია, შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით და 34 წლის კალათბურთელთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ. როგორც ნიკამ WORLDSPORT.GE-ს განუცხადა, შარშან ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსმა მიიწვია, მაგრამ უარის თქმა მოუწია. წლეულს კი, ევროპის ჩემპიონატის წინ ბერძენი სპეციალისტი მას აღარ დაკავშირებია. მიუხედავად იმისა, რომ ცქიტიშვილს საქართველოს ნაკრებში დიდი ხნის პაუზა გამოუვიდა, სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს. როგორც თავად გვითხრა, თუ სამწვრთნელო შტაბი საჭიროდ ჩათვლის, საქართველოს ნაკრებს მომავალში აუცილებლად დაეხმარება.

საქართველოს ნაკრები, იგრო კოკოშკოვი და ილიას ზუროსი – “შარშან მქონდა შემოთავაზება, რასაც ძალიან ვაფასებ ზუროსის მხრიდან. ბოლო წლების განმავლობაში იგორ კოკოშკოვი არ მიძახებდა რაღაც პატარა მიზეზების გამო. მე არანაირი პრობლემა არ მქონია ცხოვრებაში კოკოშკოვთან. თვითონ გადაწყვიტა, რომ არ გამოვეძახე.

ვაფასებ, რომ ზუროსმა გამომიძახა 5 წლის მერე. მაგრამ, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ შეიცვალა, რომ კარიერაში სხვა მიზნები დავისახე. ისე მოხდა, შარშან ჰიუსტონში უნდა წავსულიყავი საცდელ სამწვრთნელო კურსებზე გამოცდილების მისაღებად, დამპატიჟა ჩემმა მეგობარმა, მაიკ დ’ანტონიმ, რომელიც “ჰიუსტონის” მთავარი მწვრთნელია. ამაზე უარის თქმა არ შემეძლო, რადგან ეს არის ჩემი სამომავლო კარიერა. შემდეგი ნაბიჯი კალათბურთის სფეროში. ეს ავუხსენი ყველაფერი ზუროსს. თუმცა, როგორც ჩანს, ეწყინა და წელს აღარ გამომიძახა, თუ არ ვცდები. ამ მიზეზის გამო”.

საქართველოს ნაკრებში ისევ – “ეროვნულ ნაკრებში როგორ არ უნდა მელოდოთ, თუ გამომიძახებენ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. მთავარია კარგ ფორმაში ვიყო და ყველაფერი კარგად იქნება”.

ამის შემდეგ ნიკას თბილისის “დინამოსა” და ესპანური “ხუვენტუტის” შეხვედრის შესახებ გავესაუბრეთ:

“დინამო” – “ხუვენტუტი” – “შანსებს რაც შეეხება, როგორც იტყვიან ბურთი მრგვალია. ეს კალათბურთია, სპორტია... ყველა კალათბურთელს უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ მოიგოს. რა თქმა უნდა ის ესპანეთის ლიგაა, ჩვენ საქართველოს ლიგაში ვართ და ჩვენს შორის დიდი სხვაობაა. თუმცა, მაინც ვიტყვი, რაღაც შანსები არის. ცოტა ადრე რომ დაგვეწყო გუნდში ყველას ერთად მომზადება, უკეთესი იქნებოდა, თუმცა ახლაც ნორმალურ ფორმაში ვართ და ვიბრძოლებთ ბოლომდე”.

საკლუბო კარიერა – “ბოლო 6 წელია გეზი არაბეთისკენ და აზიისკენ მაქვს მიმართული. დინამოში დარჩენას არ ვაპირებ, უბრალოდ იქ სეზონი ნოემბერში იწყება და მე დიდი სურვილი მქონდა საქართველოში ჩემს მეგობრებს დავხმარებოდი, თან ეს მეც დამეხმარება, რადგან ახალ სეზონს მომზადებული შევხვდე”.

თბილისის “დინამოსა” და “ხუვენტუტის” შეხვედრას რაც შეეხება, 19 სექტემბერს, სპორტის სასახლეში გაიმართება. აღნიშნული მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120294