საქმე იქითკენ მიდის, რომ არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად გვარიანი ოფლისღვრა მოუწევს და ჯერჯერობით არავინ იცის გამოიღებს შედეგს თუ არა ეს ოფლისღვრა. არავინ დავობს იმაზე, რომ სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში არგენტინის ნაკრებისათვის უჩვეულო მეხუთე ადგილი და ბუნდოვანი მომავალი საკუთრივ არგენტინელი ფეხბურთელების ბრალია, მაგრამ ახლა მიზეზებზე მეტად მომავალია საინტერესო და პირველ ყოვლისა ის - შეძლებს თუ არა სამპაოლის კრებული საშვილიშვილო სირცხვილსგან თავის არიდებას.
რეალობა ასეთია: არგენტინის ნაკრებს შესარჩევ ციკლში დარჩენილი აქვს ორი მატჩი - პერუსა და ეკვადორის ნაკრებებთან. 5 ოქტომბერს ბუენოს აირესში თუკი “ვერცხლისქვეყნელებმა“ პერუელებს სძლიეს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამოდენა ვაების შემდეგ, არგენტინელები საბოლოოდ მაინც შეძლებენ რუსეთის მუნდიალზე გასვლას, მაგრამ არსებობს რაიმე გარანტია, რომ არგენტინა პერუს და ეკვადორს მოუგებს? ვენესუელის უსუსტეს გუნდთან საკუთარ მოედანზე ქულების დამკარგავი გუნდი ვითომ რატომ არ “იკადრებს“ პერუსთანაც იგივეს? მაშინ როდესაც, სამხრეთ ამერიკაში ასეთი დიდი კონკურენციაა და მუნდიალზე გამსვლელი ოთხი ადგილისათვის (ამას დამატებული, ფლეი-ოფში გამსვლელი მეხუათადგილოსანი) დაახლოებით 7 გუნდი იბრძვის და ეს ნაკრებები ყველაფერს იზამენ სანუკვარი მიზნის მისაღწევად.
თუკი მოხდა ისე, რომ არგენტინის ნაკრებმა შინ პერუს ვერ მოუგო, ჩილემ და პარაგვაიმ კი შეძლეს გამარჯვება (მიუხედავად იმისა, რომ ჩილე გასვლაზე მრისხანე ბრაზილიას ხვდება) შეიძლება ისეც კი მოხდეს, რომ ბოლო ტურში არგენტინას ეკვადორში გამარჯვება მეხუთე ადგილზე გასასვლელად არ ეყოს. აქედან გამომდინარე, პერუსთან შეხვედრა ბევრ რამეს წყვეტს. საკმარისია ერთი “ფეხის გადაბრუნება“ და...
არგენტინის ნაკრები ასეთ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე კარგა ხანია არ მდგარა და ახლა როგორც არასოდეს სჭირდება ნამდვილი, ქარიზმატული ლიდერი, რომელიც მარადონასავით, ანდა პასარელასებრ საკუთარ თავზე აიღებს გუნდის გამარჯვებისაკენ სწრაფვას და წინ გაუძღვება. არგენტინის მტერმაც და მოყვარემაც ნათლად დაინახა, რომ ლეო მესი მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი თვალსაჩინო ფეხბურთელია, ლიდერად უბრალოდ არაა დაბადებული და ამ ინფანტილური კაცისგან მოედანზე “ბელადი“ ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ გამოძერწა.
არგენტინას ამ უმძიმეს ჟამს ლეო მესიზე და ლამაზად “ფინტაობებზე“ მეტად ჭირდება ხუან სებასტიან ვერონი, რომელიც საკუთარი ბრძოლისუნარიანობით სხვათა მაგალითი იქნება და არავის მისცემს უფლებას, როდესაც თავად მოედანზე ოფლს ღვრის - სხვამ მწვანე მინდორზე ისეირნოს. არგენტინას ხავიერ ადერმარ ძანეტი სჭირდება, რომელიც ერთი წამითაც კი არ დაუშვებს გუნდის უკან დახევას, მოედანზე უაზროდ ბორიალს და თანაგუნდელებს წინ გაუძღვება. არგენტინას დიეგო პაბლო სიმეონე სჭირდება, რომელიც მოედნის გოჯს არ დაუთმობს მოწინააღმდეგეს. ასე რომ, ხორხე ლუის სამპაოლის მთავარი ამოცანა ახლა საკუთარ გუნდში ლიდერის “აღმოჩენა“ უნდა იყოს, რადგან ვარსკვლავმრავალი არგენტინა აშკარა ლიდერის გარეშე არასოდეს ყოფილა დიდი გუნდი და ვერც იქნება. ეს ხომ დიეგო მარადონას ქვეყანაა. ეს ხომ ბატუსტუტას ნაკრებია!