როგორც იცით, 2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ირლანდიას უმასპინძლებს. ხშირად ხდება, რომ ამ პერიოდში რომელიმე მეტოქეს ვამწარებთ: ბულგარეთი, იტალია, დანია, ორჯერ შოტლანდია... ვინ იცის, ეგებ მარტინ ონილის გუნდის ჯერია.
თუმცა ძალიან რთული იქნება, რადგან ირლანდია ტრადიციულად გვიგებს. აქამდე რვა მატჩიდან რვავე მათ სასარგებლოდ დასრულდა, ეგაა, ერთი გამონაკლისის გარდა (4:0), ყველა თამაში თითქმის თანაბარი იყო და მეტიც, შარშან სოლიდურ უპირატესობასაც ვფლობდით, სანამ კოულმენი გოლს გაიტანდა. ონილი ქართველთა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ამახვილებს ყურადღებას: "საკმაოდ რთული თამაში იქნება და ყველას ვაფრთხილებ, სრული პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ. ქართველებს ნებისმიერ სხვა ჯგუფში უკეთესი შედეგი ექნებოდათ. ისინი ხშირად ძალიან კარგად თამაშობენ და ჰყავთ ინდივიდუალისტები, რომლბსაც შექმნა შეუძლიათ. მათ შორის, ახალგაზრდები გამოირჩევიან. ...სერბეთს 5 სექტემბერს ვუმასპინძლებთ. ჩვენ და სერბეთი ჯგუფში თანალიდერები ვართ, მაგრამ ჯერ მხოლოდ საქართველოზე ვფიქრობ. სერბებზე ფიქრს მხოლოდ მაშინ დავიწყებ, როცა თბილისიდან გამოვფრინდებით".