ფეხბურთი

21:05 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები და ევროპა

ქართველები და ევროპა – რამდენადაც სამწუხარო რეალობა არ უნდა იყოს, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ქართული კლუბების გარეშე მორიგი საფეხბურთო სეზონი იწყება. ერთადერთი, რითიც ქართული ფეხბურთის მოყვარულთ თავის დამშვიდება და ნუგეში შეგვიძლია, ეს ქართველი ლეგიონერებია, რომელთა გუნდები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფში ითამაშებენ.

უეფას ყველაზე პრესტიჟულ ევროტურნირში ორი ქართველი იქნება: ჯანო ანანიძე და დავით ხოჭოლავა.

ანანიძე მოსკოვის “სპარტაკის” ღირსებას იცავს. ვერ ვიტყვით, რომ ჯანო რუსულ გუნდში სათამაშო პრაქტიკით განებივრებულია, მაგრამ არც სრულ უთამაშებლობას განიცდის და წესით, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებშიც უნდა ვნახოთ საქმეში. “სპარტაკი” E ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ესპანური “სევილია”, ინგლისური “ლივერპული” და სლოვენიური “მრიბორი” იქნებიან.

რაც შეეხება ხოჭოლავას – საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მას მოედანზე ვერ ვიხილავთ. ყოველშემთხვევაში, აქამდე ქართველი მცველი “შახტარის” განაცხადში ერთადერთხელ მოხვდა და თამაში არ მოუწია. შესაბამისად, რთულია ვიმსჯელოთ იმაზე, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშო დრო მიეცემა, მაშინ, როდესაც უკრაინის ჩემპიონატის შეხვედრებში განაცხადშიც ვერ ხვდება. ისე კი, დონბასელები F ჯგუფში ინგლისური “სიტის”, იტალიური “ნაპოლისა” და ჰოლანდიური “ფეიენოორდის” წინააღმდეგ გაირჯებიან.

უფრო “წარმომადგენლობითი” იქნება ჩვენთვის ევროპა ლიგა: ვაკო გვილია, ჯაბა ჯიღაური, გურამ კაშია და სოლომონ კვირკველია.

ჯაბა ჯიღაური სკოპიეს “ვარდარის” ერთ-ერთი ლიდერია. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა და უთამაშებლობის პერიოდი უკან მოიტოვა. აგერ, პლეი-ოფში “ფენერბაჰჩესთან” ჯაბამ ჩინებულად წარმოაჩინა თავი და 68-ე წუთზე გოლი გაიტანა, რომელმაც მისი გუნდის ჯგუფში თამაში დიდწილად განაპირობა. მოკლედ, ჩვენებურს ჯგუფურ ეტაპზეც არ უნდა მოაკლდეს სათამაშო დრო. “ვარდარის” მეტოქეები კი L ჯგუფში “ზენიტი”, “სოსიედადი” და “რუსენბორგი” იქნებიან.

თამამად შეგვიძლია სოლომონ კვირკველიას ყოველ მატჩში მოედანზე ხილვის იმედი გვქონდეს – ქართველი მცველი მოსკოვის “ლოკომოტივის” გამორჩეული ფეხბურთელია და შესაბამისად, სათამაშო დროის უქონლობის საშიშროების წინაშე ნამდვილად არ დგას – “რკინიგზელები” F ჯგუფში “კოპენჰაგენთან”, “შერიფთან” და “ზლინთან” ერთად ითამაშებენ.

ევროპა ლიგაზე წარმომადგენელი კაპიტნის რანგშიც გვეყოლება – გურამ კაშია არნემის “ვიტესს” საკმაოდ ცნობილი გუნდების წინააღმდეგ წარუძღვება: K ჯგუფში “ლაციო”, “ნიცა” და “ვარეგემი”. კაშიას ისეთი ცნობილი ფეხბურთელების შეჩერებაც მოუწევს, როგორებიც მარიო ბალოტელი, ვესლი სნეიდერი, ფელიპე ანდერსონი, ჩირო იმმობილე და სხვები არიან...

და ბოლოს, ვაკო გვილია: “ბატეში” ჩვენებურის საქმეები ბოლო დროს არცთუ ისე კარგად მიდის, მაგრამ მაინც გვეიმედება, რომ გვილია ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიბრუნებს და ევროპულ ფეხბურთსაც სათანადოდ დააჭაშნიკებს. “ბატე” H ჯგუფში ითამაშებს, ხოლო მეტოქეები ლონდონის “არსენალი”, ბელგრადის “ცრვენა ზვეზდა” და გერმანული “კიოლნი” იქნებიან.

მოკლედ, სწორედ ამ ფეხბურთელებზე იქნება ჩვენი სწორება ევროსარბიელზე. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში საუბარი არამარტო ლეგიონერებზე, არამედ უშუალოდ ქართულ გუნდ(ებ)ზე მოგვიწევს...

0.114853