კალათბურთი

12:19 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 16-წლამდელები ევროელიტისკენ მიმავალ გზაზე

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს დღეს პრინციპული მატჩი ელის. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეოთხედფინალში ქართველები ჩეხეთს ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში გავლენ, საიდანაც A დივიზიონამდე 1 ნაბიჯია. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი სამ - A, B და C დივიზიონებადაა დაყოფილი და ყოველ სეზონში გუნდები წარმატების მიხედვით მათში ინაცვლებენ.

წლებია, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები B დივიზიონშია. ბოლოს 20-წლამდელებმა იასპარეზეს A დივიზიონში, როცა 2011 წელს, 1991-92 წლებში დაბადებულთა (თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, აკაკი დვალიშვილი, გივი ბაქრაძე, ბექა ჩიკვილაძე, აკაკი ლომოური, ბექა ბექაური, ტარიელ თავართქილაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ნოდარ თენიეშვილი, იოსებ ლეჟავა, გიორგი რევაზაშვილი) ნაკრებმა მოახერხა ელიტაში აღზევება. თუმცა მეორე წელსვე, საქართველოს ნაკრებმა A დივიზიონში ბოლო ადგილი დაიკავა და B დივიზიონს დაუბრუნდა.

მას შემდეგ ყველა ასაკობრივი ნაკრები ევროპის საშუალო დივიზიონშია და წლეულს მიზანთან ახლოს 16-წლამდელები არიან, რომლებმაც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე 24-გუნდიან B დივიზიონში ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავეს, მეოთხედფინალში გავიდნენ და თუკი საპრიზო ადგილს დაიკავებენ, მომავალი წლისთვის ელიტარულ დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. ანუ ფინალში გასულ ორ გუნდთან ერთად A დივიზიონში მესამეადგილოსანიც გადავა.

პლეი ოფის ბადეში საქართველო - ჩეხეთს შორის გამარჯვებული ნახევარფინალში ჰოლანდია - ბელგიას შორის საუკეთესოს შეხვდება. მეორე მხარეს კი გუნდები შემდეგნაირად არიან დაწყვილებულნი: საბერძნეთი - უკრაინა და დიდი ბრიტანეთი - უნგრეთი.

საქართველოსა და ჩეხეთის მეოთხედფინალური მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლირება ფიბა-ს Youtube-ის გვერდზე განხორციელდება, რომლის საყურებელი ბმული დღეს, შუადღისას გამოქვეყნდება.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102177