სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ავტოსპორტი

23:06 | 30.07.2017 | ნანახია 4223 - ჯერ

ფეტელმა უნგრეთში გაიმარჯვა და ლიდერობა განიმტკიცა

სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა უნგრეთის დიდი პრიზის რბოლა, რის შემდეგაც მან ჩემპიონატში უახლოეს მდევარ ლუის ჰამილტონთან უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა. კვარცხლბეკის მეორე საფეხურიც „ფერარის“ პილოტმა, კიმი რაიკონენმა დაიკავა. მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა ვალტერი ბოტასი, ჰამილტონი კი, რომელმაც ბოტასს ბოლო წრეზე დაუბრუნა მესამე ადგილი, მეოთხეზე დარჩა.

გერმანელი მრბოლისთვის ეს ამ სეზონში მეოთხე გამარჯვებაა. ნახევარი რბოლის განმავლობაში მას საჭის პრობლემები ჰქონდა - მარცხენა მოსახვევებში არასაკმარის მოხვევადობას უჩიოდა. ამის გამო, რაიკონენს უკეთესი ტემპი ჰქონდა. მაგრამ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა პირველი პოზიცია ბოლომდე შეინრაჩუნა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა.

ბოტასმა ჰამილტონს გზა 46-ე წრეზე დაუთმო იმ მოტივით, რომ ბრიტანელს უკეთესი ტემპი ჰქონდა და „ფერარის“ პილოტების გასწრების მეტი შანსიც გააჩნდა. თუ ამას ვერ შეძლებდა, მას თანაგუნდელისთვის პოზიცია უნდა დაებრუნებინა. ასეც მოხდა. ჰამილტონმა ფინელ პილოტს პოზიცია დაუბრუნა და კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

„მადლობა ლუისს იმისთვის, რომ პირობა შეასრულა და პოზიცია დამითმო. არ მგონია, რომ ყველა თანაგუნდელი ასე მოიქცეოდა“, - კვარცხლბეკზე ინტერვიუსას განაცხადა ბოტასმა. “ჩემპიონატში ქულები დამაკლდა, მაგრამ სიტყვას შესრულება უნდა. მე ვთქვი, რომ თუ მათ ვერ გავასწრებდი, მაშინ ვალტერის პოზიციას დავუბრუნებდი“, - განაცხადა ჰამილტონმა.

ჰუნგარორინგზე გასწრება ძალიან რთულია და რა გასაკვირია, რომ რბოლის ბოლოს, მოწინავე ხუთეული იმავე პილოტებმა, იმავე მიმდევრობით შეადგინეს, როგორიც კვალიფიკაციის შემდეგ იყო. მეხუთე ადგილი მაქს ფერსტაპენმა დაიკავა, რომელმაც გზად პიტლეინზე 10-წამიანი ჯარიმაც მოიხადა იმისათვის, რომ ასპარეზობას მეორე მოსახვევშივე გამოთიშა საკუთარი თანაგუნდერლი დანიელ რიკარდო. სხვათა შორის, ნარბოლევს ფერსტაპენმა ავსტრალიელს მოუბოიდიშა. სხვათა შორის, ეს 10 წამი რომ არა, მას კვარცხლბეკზე ასვლის სრულიად რეალური შანსი ჰქონდა.

რიკარდო გაბრაზებული იყო - იქ გასასწრები ადგილი არაა და რა უნდოდაო, მაგრამ იმ მომენტში ფერსტაპენი გასწრებას კი არა, მანქანის შენარჩუნებას ცდილობდა და იმდენად ინტენსიურად დაამუხრუჭა, რომ წინა ბორბლები დაებლოკა კიდეც. სწორედ ამის შემდეგ გაიტანა ცენტრიდანულმა ძალამ მისი მანქანა გარე ტრაექტორიაზე, სადაც მას რიკარდო „ელოდა“. ავსტრალიელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შეჯახებამდე ოსტატური მანევრით ჩამოიტოვა არამხოლოდ ორივე „მერსედესი“, არამედ ფერსტაპენიც და რაიკონენს ედგა კვალში.

მეექვსე ადგილი დაიკავა ფერნანდო ალონსომ, ვისაც წინა დღეს 36 წელი შეუსრულდა. ალონსომ სრულად გამოიყენა ის ტაქტიკური სვლა, რომელიც „მაკლარენმა“ და „ჰონდამ“ ჯერ კიდევ სილვერსტოუნზე აამოქმედეს, სადაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ბოლიდზე, ძალური დანადგარი სრულად გამოცვალეს, რათა უნგრეთში ამის გაკეთება აღარ დასჭირვებოდათ. ეს კი იმისთვის გაკეთდა, რომ ჰუნგარორინგის თავისებურების გამო, „მაკლარენის“ პილოტებს იქ ქულების აღების რეალური შანსი ჰქონდათ. და მათ ეს შანსი კარგად გამოიყენეს - ალონსოს გარდა, ქულა მისმა თანაგუნდელმა სტოფელ ვანდოორნმაც აიღო, რომელმაც მე-10 ადგილი დაიკავა.

უნგრეთის ეტაპი ბოლო იყო ზაფხულის არდადეგების წინ. ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონატი ბელგიის სპა ფრანკორშანზე, 27 აგვისტოს განახლდება.

უნგრეთის დიდი პრიზი

ჰუნგარორინგი, დისტანცია 306.63 კმ (70 წრე, 4.381 კმ)

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:39:46.713
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) +00:00.908
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 00:12.462
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:12.885
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 00:13.276
  6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 01:11.223
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1 წრე
  10. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  11. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
  12. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  13. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  14. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  15. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 2 წრე
  16. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 2 წრე

17გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 3 წრე

გ. პოლ დი რესტა (ბრიტანთი, უილიამსი) 10 წრე

გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 50 წრე

გ. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 70 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:20.182, 69-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 202 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 188; 3. ვალტერი ბოტასი - 169; 4. დანიელ რიკარდო - 117; 5. კიმი რაიკონენი - 116; 6. მაქს ფერსტაპენი - 67; 7. სერხიო პერესი - 56; 8. ესტებან ოკონი - 45; 9. კარლოს საინსი - 35; 10. ნიკო ჰულკენბერგი - 26; 11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) - 23; 12. ლანს სტროლი - 18; 13. რომენ გროჟანი - 18; 14. კევინ მაგნუსენი - 11; 15. ფერნანდო ალონსო - 10; 16. პასკალ ვერლაინი - 5; 17. დანილ კვიატი - 4; 18. სტოფელ ვანდოორნი - 1; 19. ჯოლიონ პალმერი - 0; 20. მარკუს ერიკსონი - 0; 21. ანტონიო ჯოვანაცი (იტალია, ზაუბერი) - 0

კონსტრუქტორთა პირველობა

1. მერსედესი - 357 ქულა; 2. ფერარი - 318; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 184; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 101; 5. უილიამს-მერსედესი - 41; 6. ტორო როსო-რენო - 39; 7. ჰაას-ფერარი - 29; 8. რენო - 26; 9. მაკლარენ-ჰონდა - 11; 10. ზაუბერ-ფერარი - 5

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:41 | 31.07.2017
mushni (71634)

სებააააა

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.087007