ბლოგი

19:26 | 30.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ელის “მილანს”

როგორც იტალიაში ამბობენ, საფეხბურთო კლუბ “მილანისათვის” ძველი დიდების დაბრუნება და ამ გუნდის ევროპის გრანდთა შორის წაწევა სრულიად აპენინის ღირსების საქმეა. პრინციპში ლაპარაკი არც უნდა იმ მარტივ და ცხად ჭეშმარიტებას, რომ როდესაც “მილანის” საქმეები უკან-უკან წავიდა, იტალიური კლუბების ევროტურნირებში წარმატებების ისტორიაც იქ დასრულდა და როგორც ჩანს, მიუხედავად ტურინის “იუვენტუსის” შიდაიტალიურ ასპარეზზე უკონკურენტობისა, იტალიიდან ევროპის სახელი შორს სწორედ “მილანს” გაჰქონდა და ასე გრძელდებოდა ათწლეულების მანძილზე.

დღეს “მილანში” დიდი ამბები ხდება და ჩინელი მფლობელების ამბიციურმა გეგმებმა და მიზნებმა რეალური განხორციელება უკვე ჰპოვეს არაერთი ძვირადღირებული ტრანსფერის სახით. რასაკვირველია ჯერ ადრეა საუბარი “მილანის” დიდების დაბრუნებაზე, რადგან ერთია ფეხბურთელების შეძენა და მეორეა განახლებული გუნდის საქმეში, ანუ მწვანე მინდორზე ხილვა. თუმცა, მილანური გრანდის მტერიცა და მოყვარეც დარწმუნებულია, რომ შავ-წითლები ისეთი ბეჩავები აღარ იქნებიან, როგორიც უკანასკნელ წლებში იყვნენ და ბოლოს და ბოლოს იტალიის საფეხბურთო პირველობასაც დაუბრუნდება ძველი ინტრიგა და ეშხი.

ახლა რაც ევროპელ საფეხბურთო მიმომხილველებს აქვთ გულში ხინჯად –ისაა, რომ ასე, დიდი ჩინური ფულით წინწაწეული “მილანი” გახდება თუ არა ძველი, საოჯახო საგულშემატკივრო ტრადიციის მქონე მილანელი ტიფოზებისთვის მისაღები და ხომ არ დაემსგავსება ეს კლუბი სხვა ფულით “გაქაჩულ” გუნდებს. მაგალითად “მანჩესტერ სიტის”, რომელიც დიდმა ინვესტიციან მართლაც დააყენა ფეხზე, ევროპის გრანდებს შორისაც გარია, მაგრამ დაკარგა უმთავრესი – ძველთაძველი გულშემატკივრების სიყვარული, რომლებმაც თითქოს პირი შეკრესო – ერთხმად თქვეს უარი “ფულის ტომრების” გულშემატკივრობაზე. ამ ამბავზე ბრიტანული მედია დღესაც ბევრს წერს.

“მილანის” ძირძველი ტიფოზების ნაცვლად აბა ჩვენ როგორ ვიმსჯელებთ, მაგრამ ის კი ცნობილი ფაქტია, რომ ეს კლუბი ოდიდგანვე ტრადიციებისადმი დიდი ერთგულებითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. სწორედ ეს ტრადიციულობა იყო იმის მიზეზი, რომ სილვიო ბერლუსკონის გუნდის გაყიდვა ძალიან გაუჭირდა და ჩინელების მაცდურ წინადადებზე მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როდესაც სიტუაცია საშინელი სისწრაფით წავიდა დაღმა და კლუბს უკვე ფეხბურთელების ხელფასების დაფარვაც კი უჭირდა.

ტრადიციიების ერთგულება ჭეშმარიტად კარგი რამაა, მაგრამ, ტრადიციების ტყვეობა რომ ცუდია – ეს ქართველებმა წესით ყველაზე კარგად უნდა ვიცოდეთ. ჩვენთან ხომ 1981 წლის ინერციით 13 მაისს დღემდე აღნიშნავენ და დღემდე ფიქრობენ, რომ იმ ერთი კინკილა გამარჯვების “ერთგულება” ჩვენს იავარქმნილ საკლუბო ფეხბურთს რაიმეში წაადგება. არა, ნამდვილად არ ვადარებთ ჩვენი “დინამოს” მიერ აწგაუქმებული ერთადერთი თასის მოპოვებას “მილანის” მართლაც რომ დიად ისტორიას, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ზოგიერთი მილანელი ტიფოზი უკვე განაწყენებულია ახალი მენეჯმენტის მხრიდან კლუბის ტიფოზერიის ინტერესის ნაკლებად გათვალისწინების გამო და მომდევნო საფეხბურთო სეზონში ამ კლუბში სავარაუდოდ დიდი და სკანდალური ამბების დატრიალებას უნდა ველოდოთ.

დიდი ამბები “მილანში” უკვე ტრიალებს და ევროპის საფეხბურთო პრესის ფურცლებზე შავ-წითლების ტრანფერებისადმი ინტერესმა სხვა ბობოლა კლუბებში მომხდარი ამბებიც კი დაჩრდილა. მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ყველა კითხვას პასუხს მას შემდეგ გაეცემა, რაც იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. წელს სწორედ “მილანია” სერია “ა”-ს მთავარი ინტრიგა. “მილანი”, რომელიც წარსულის მტვრიდან ფენიქსივით აღსდგა!

0.130011