გუშინ მოთამაშე რამდენიმე ქართველ ლეგიონერზე გვეწერა, მათ შორის, გოლის ავტორ გიორგი ჭანტურიაზე. აქვე, იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც კვირას ევროპულ კლუბებში ითამაშეს.
უნგრეთის უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა ბაჩანა არაბულს. მან ბოლო ნახევარი საათი ითამაშა "ბალმაზუივაროშის" შემადგენლობაში. არაბულის გუნდმა შინ 0:1 წააგო "ვაშაშთან" და ორი ტურის შემდეგ, ერთი ქულა აქვს.
აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" რუმინეთის ჩემპიონატში 0:0 ითამაშა "პოლიტეხნიკა იასისთან" გასვლაზე. ხუბუტია შეუცვლელად გაისარჯა და გოლის გატანაც შეეძლო. აკაკის გუნდს ორი ტურის შემდეგ ერთი ფრე და ერთი წაგება აქვს.
პოლონეთში გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" პოზნანის "ლეხს" 1:0 აჯობა. მერებაშვილი სასტარტოში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. პლოცკელებმა ორ ტურში სამი ქულა მოაგროვეს.
დანიაში დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" სტუმრად 0:2 წააგო "მიდტიულანდთან" და ორი ტურის შემდეგ, ქულა არ აქვს. სხირტლაძემ ბოლო 30 წუთი ითამაშა.
სლოვაკეთის ჩემპიონატი დაიწყო და გიორგი ბერიძის "ტრენჩინმა" სტუმრად 2:1 აჯობა "სენიცას". ქართველმა პირველი ტაიმი ითამაშა და შეცვალეს. ვახტანგ ჭანტურიშვილის "ტრნავამ" კი 1:0 სძლია "მიხალოვცეს" და ქართველმა შემტევმ შეუცვლელად ჩაატარა მატჩი.
შვედეთში ზურაბ ცისკარიძის "ესკილსტუნამ" 0:2 წააგო "კალმართან" და ბოლო ადგილზეა. ცისკარიძემ ამჯერადაც 90 წუთი ითამაშა. '
აშშ-ის MLS: ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსემ" 0:3 წააგო "სიეტლთან" და დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. ყაზაიშვილი 62-ე წუთზე შევიდა მინდორზე.