ფეხბურთი

0:15 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

უშანსოდ!

მოსალოდნელი იყო, რომ "სამტრედიას" ბაქოში ძალიან გაუჭირდებოდა. ამ ევროსეზონმა გამოაჩინა, რომ აგდამის "ყარაბახი" ჩვენთვის ზედმეტად "დიდი თევზია", რადგან გაცილებით სუსტებსაც ვერ ვეთამაშებით ტოლ-სწორად. თუმცა 0:5 ნამეტანია. საქართველოს ჩემპიონმა ხუთი ბურთის სხვაობით წააგო აზერბაიჯანის ჩემპიონთან - მწარედ ხვდება გულს.

თურქმა მსაჯმა საწყის 10 წუთში სამი ქართველი ფეხბურთელი გააფრთხილა, ზემოდან კიდევ უცნაური პენალტი დააყოლა და ასე გაგვიტანეს პირველი გოლი. ასეთ დარღვევაზე პენალტები იშვიათად ინიშნება, თუმცა ანგარიშს რომ შეხედავ და მერე თამაშს, რომელ მსაჯობაზეა საუბარი?!

90 წუთი ისე გაილია, "სამტრედიამ" ერთი მომენტიც კი ვერ შექმნა მეტოქის კართან. ერთადერთხელ, გიული მანჯგალაძემ დაარტყა საჯარიმო და ისიც იოლად აიღო შეჰიჩმა. მეტჯერ არც შეწუხებულა "ყარაბახის" მეკარე - თუ იმ დარტყმასაც შეწუხება ერქვა...

მხოლოდ პირველი ტაიმის შუა მონაკვეთში იყო, "სამტრედიამ" მოკლე პასებით სცადა მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოება. თითქოს რაღაც საინტერესოც მზადდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. პირველი ტაიმის ბოლოს ორი გოლი გავუშვით, ორიც მეორე ტაიმის ბოლოს დაემატა.

ეს ის "სამტრედია" არ იყო, რომელიც შარშან ჩემპიონი გახდა. ბუდუ ზივზივაძის, ბაჩანა არაბულისა და ლაშა შერგელაშვილის სრულფასოვნად შეცვლა რომ ვერ მოხერხდა, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატშიც ჩანდა. შემადგენლობა დასუსტდა.

ევროტურნირები სარკეა და ნათლად ჩანს, თუ რა დონეზე არიან ჩვენი კლუბები.

ჯერ მარტო ის რად ღირს, ბოლო შვიდი-რვა წელია ვაკვირდებით, რომელი გუნდიც საქართველოს ჩემპიონი ხდება, ევროტურნირების წინ სუსტდება შემადგენლობით. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, სულ ასეა.

არადა, საშუალო გაქანების ევროპულ ქვეყნებში პირიქით ხდება - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ გაათმაგებულად მუშაობენ!

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი

11 ივლისი. ბაქო. "ტოფიკ ბახრამოვი"

ყარაბახი (აზერბაიჯანი) - სამტრედია (საქართველო) 5:0 (3:0)

ყარაბახი: შეჰიჩი, ჰუსეინოვი, სადიხოვი (რჟეზნიჩაკი 31), მედვედევი, აგოლი, გარაევი, მიჩელი, იზმაილოვი (გუერიე 76), მადათოვი, დინიევი (რიჩარდი 65), ნდლოვუ

მწვრთნელი: გურბან გურბანოვი

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, კასრაძე, სანდოხაძე, ბალდე, მანჯგალაძე, დათუნაიშვილი, სამუშია (ჯიქია 64), მარკოზაშვილი, რაჟამაშვილი (ბერიაშვილი 69), საბანაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლები: 1:0 ისმაილოვი (10 პენ), 2:0 ნდლოვუ (37), 3:0 ნდლოვუ (45 პენ), 4:0 გურიე (83), 5:0 მიჩელი (90+2)

გაფრთხილება: მანჯგალაძე (5), ბალდე (9), დათუნაიშვილი (10), სამუშია (59)

მსაჯი: მეთე კალკავანი (თურქეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110367