ფეხბურთი

10:30 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფინალის ტოლფასი 90 წუთი ნახევარფინალისთვის

ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური იწყება. ჩვენი ყურადღება მთლიანად “მიხეილ მესხის” სტადიონისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც საქართველოს შესაბამისი ასაკობრივი ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება.

საკითხი ასე დგას: 3 ქულა და გიორგი ყიფიანის გუნდი ნახევარფინალში ითამაშებს. სხვა შედეგი კი, ჩეხების წისქვილზე დაასხამს წყალს. მოკლედ, ასეა თუ ისე, ყველაფერი ქართველი ფეხბურთელების ხელშია და უნიკალური შანსის გამოყენება მაქსიმალურად უნდა მოინდომონ. აქვე გეტყვით, რომ საქართველო 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეორედ თამაშობს - პირველად 2014 წელს იასპარეზა, თუმცა მაშინ ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. შესაბამისად, ახლანდელ თაობას ისტორიის დაწერის დიდებული შანსი აქვს - თუ საქართველო მოიგებს, პირველად გავა ნახევარფინალში!

გუნდში საბრძოლოო განწყობაა და რაც მთავარია, ყიფიანი საკადრო პრობლემებს არ უჩივის – ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. იგივე სიტუაციაა მეტოქის ბანაკშიც, რომელმაც სხვათა შორის, წინ ორ შეხვედრაში ძალზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და პორტუგალიასთან ქულის მოპოვებამდეც ცოტა დააკლდა. აღსანიშნავია, რომ გუშინ, თამაშამდე განწყობის შესაქმნელად 19 წლამდე ნაკრების ფეხბურთელებს კახა კალაძე შეხვდა. ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა ახალგაზრდები გაამხნევა და რჩევებიც მისცა.

ურიგოდ არც საქართველოს ნაკრებს უთამაშია: შვედეთს დამსახურებულად მოუგო, ხოლო მანამდე ლუზიტანელებთან მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდა. თუმცა, ეს განვლილი პერიოდია და ახლა მხოლოდ ჩეხეთთან მატჩს აქვს მნიშვნელობა. დღევანდელ თამაშში ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ და წესით, გიორგი ყიფიანმა მოედანზე იგივე თერთმეტეული უნდა გამოიყვანოს, რომელმაც სამი დღის წინ შვედეთი დაამარცხა:

ჩოჩიშვილი – მალი, ბურჯანაძე, კობოური, ლაკვეხელიანი – ქოჩორაშვილი, სამურკასოვი, კუცია – არაბიძე, კოხრეიძე, ჩაკვეტაძე.

საქართველოს ნაკრების რიგებიდან ყველაზე მეტს გიორგი ჩაკვეტაძისგან მოელიან – “დინამოს” ნიჭიერი შემტევი მართლაც დიდებულად თამაშობს მიმდინარე ტურნირზე და შვედებთან საერთოდ ბენეფისი ჰქონდა. არანაკლები იმედი მყარდება გიორგი არაბიძეზეც. თუმცა, “შახტარის” შემტევს, რომელსაც უკვე ეროვნულ ნაკრებში აქვს გოლები გატანილი, მაინც და მაინც დამაჯერებელ თამაშს ვერ აჩვენებს და ალბათ დროა, მანაც თქვას თავისი სათქმელი.

რაც შეეხება ჩეხეთის ნაკრებს – საინტერესო ფიგურაა დანიელ ტურინა. მან პირველ ტურში დუბლი გაიფორმა. პრაღის “სპარტას” საკუთრებაშია, თუმცა გასული სეზონი იჯარით “ჟენიცაში” გაატარა. საინტერესოა, რომ პორტუგალიასთან მატჩში მან მხოლოდ ბოლო 10 წუთი ითამაშა და არაა გამორიცხული ჩეხთა თავკაცმა იან სუხოპარეკმა ლიდერი გადამწყვეტი მატჩისთვის შემოინახა. მის გარდა, ხიფათი ყველაზე მეტად მიხალ სადილეკისგანაა მოსალოდნელი, რომელსაც პსვ ეინდჰოვენში თამაშის პრაქტიკა აქვს. მართალია, მეორე გუნდში, მაგრამ მაინც.

ჩეხეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა დღეს ასეთია:

იედლიცკა – ჰოლიკი, ტიშლერი, კრალი, ჩალუში – ჰაველკა, ჩვეია, სადილეკი, ჰლავატი – ტურინა, გრაიციარი.

ფინალის ტოლფასი მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, რომლის მთავარი არბიტრი დანიელი მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138294