ფეხბურთი

1:02 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენთან "იაგელონიაც" გრანდია

ბათუმის "დინამო" პირწმინდად დაიჩაგრა პოლონურ "იაგელონიასთან". ქუთაისში 0:1 წააგო, სტუმრად კი - 0:4. ბიალისტოკში 58-ე წუთამდე უგოლოდ მიმდინარობდა თამაში, მაგრამ ჩანდა, რომ ქართული გუნდი ძლივს უძლებდა. აკი, ვერც გაუძლო.

პოლონელთა კართან სამი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შეიქმნა. ერთხელ ელგუჯა გრიგალაშვილმა გამჭოლი პასი გააკეთა და იაროსლავ კვასოვი არ ელოდა ბურთს, შემდეგ კვასოვმა თავით გაიტანა და თამაშგარე იყო, მეორე ტაიმში კი ისევ უკრაინელ ფორვარდი დარჩა დასარტყმელ პოზიციაზე და ტრიბუნებისკენ გაგზავნა ბურთი.

ძალიან უჭირდათ ბათუმელებს. პოლონელები ტემპში თამაშობდნენ, სწრაფად გადაადგილდებოდნენ, კონსტანტინ ფროლოვის გუნდი კი ვერ აჰყვა. მოსალოდნელიც იყო, რომ დაიღლებოდნენ. ბურთის საკუთარ საჯარიმოდან ამოტანაც კი ჭირდა.

რაღა აზრი აქვს გოლების აღწერას. ეს გოლები თამაშის ანარეკლი გამოდგა - ევროპის საშუალო დონის გუნდი ეთამაშებოდა სუსტ გუნდს, რომელსაც სასწაული უნდა მოეხდინა, რომ ეს შეხვედრა მოეგო. ქართველთა კვალობაზე, პოლონური "იაგელონია" გრანდად მოჩანდა.

ჯერ ტომელინმა გაიტანა თავურით, მერე კი თორნიკე თარხნიშვილმა მეორე გაფრთხილება მიიღო და ბათუმელები ათი კაცით დარჩნენ. გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ამაზეა ნათქვამი - ბოლო ათ წუთში "იაგელონიამ" არ დაგვინდო.

ევროპა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი (პირველი მატჩი 1:0)

იაგელონია (ბიალისტოკი, პოლონეთი) - დინამო (ბათუმი, საქართველო) 4:0 (0:0)

იაგელონია: კელემენი, ბურლიგა, რუნიე, ტომელინი, გილერმე, რომანჩუკი, გორალსკი (შიმანსკი 82), ჩერნიხი, ხომჩენოვსკი, ნოვიკოვასი (მისტოვსკი 74), შერიდანი (სკულსკი 85)

მწვრთნელი: ირინეუშ მამროტი

დინამო ბთ: ტიმოფეევი, ტვილდიანი (ვარშანიძე 87), მგელაძე, მახარაძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, ქავთარაძე (მარცვალაძე 62), გრიგალაშვილი (ფარტენაძე 77), შონია, კვასოვი

მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

გოლები: 1:0 ტომელინი (58), 2:0 ჩერნიხი (81), 3:0 რუნიე (88), 4:0 სეკულსკი (90+3)

გაფრთხილება: ტვილდიანი, მგელაძე, თარხნიშვილი, თარხნიშვილი

გაძევება: თარხნიშვილი (75)

მსაჯი: მოჟაროვსკი (უკრაინა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132262