ფეხბურთი

1:09 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "ფეხბურთელები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა „ტრენჩინთან“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, „ტორპედო“ ყველაფერს გააკეთებს, რომ სასწაული შემოგვთავაზოს, რომლებიც ხდება.

„ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, მაგრამ თუ 1% გვაქვს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად შანსი, ამ შემთხვევაშიც უნდა ვიბრძოლოთ. მე მეჯრა ჩემი ფეხბურთელების. უფლის იმედი მაქვს, სასწაულები ხდება და იმედია, ეს სასწაული ქუთაისში მოხდება. შუა სეზონში ფორმის პიკზე ვიყავით, ხოლო სეზონის დასასრულს ფიზიკურად გაგვიჭირდა. ახლა კი, კონკრეტულად ამ თამაშისთვის ვემზადებოდით და იმედი მაქვს, რომ როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს ვაჩვენებთ.

შემადგენლობის მხრივ პრობლემა არაა, ორი მოთამაშე გვყავს 19 წლამდე ნაკრებში საღრიშვილი და ბურჯანაძე. გუშინ მცირე ტრავმა მიიღო კუჭუხიძემ, ხოლო დანარჩენები სრულ მზადყოფნაში არიან.

ჩემი აზრით, ხვალ უნდა ვითამაშოთ მაღალი პრესინგი. მეტოქის ნახევარზე უნდა დავაშვებინოთ შეცდომა ჩვენი თამაშიდან გამომდინარე. ყველაფერი შესაძლებელია, არაფერს არ გამოვრიცხავთ. „ტრენჩინი“ ძალიან კარგი გუნდია, რომელიც მაღალკვალიფიციური ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ვეცდებით, რომ ჩვენი პლიუსები გამოვიყენოთ.

ვერ მოხერხდა, რომ სლოვაკეთში უპრობლემოდ წავსულიყავით. დამხვდური გუნდისგანაც ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება იყო. არ მინდა, რომ ვინმემ ჩვენს ფეხბურთელებზე ისეთი რამე თქვას, რასაც არ იმსახურებენ. ფაქტია, დავმარცხდით 1:5 და ახლა უნდა ვეცადოთ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. მე მინდა, ჩვენი გულშემატკივრები გავახარო, რომლებიც ჩვენს გვერდითაა და ვიცი, სტადიონი გაივსება, რადგან მთელი ქუთაისი ჩვენთანაა. ფეხბურთელები მათ გამო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ. აგრესიულად უნდა ვითამაშოთ, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში“, - განაცხადა ჩხეტიანმა.

„ტორპედოსა“ და „ტრენჩინის“ შეხვედრა 6 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, პირველი მატჩი სლოვაკებმა 5:1 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112173