ფეხბურთი

19:40 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთის დამარცხების დღე

შვედეთი იშვიათი ევროპული ქვეყანაა, რომელიც საქართველოს არასოდეს შეხვედრია ეროვნული ნაკრებების დონეზე. ისე, მაინცდამაინც არც ასაკობრივი ნაკრებები გადაჰყრიან ხშირად ერთმანეთს. აი, 5 ივლისს, 17:30 საათზე, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის მეორე ტურში, "მიხეილ მესხზე" გაიმართება საქართველო-შვედეთი და მატჩის მნიშვნელობაზე აღარ დავიწყებთ წერას.

2010 წლის ოქტომბერში საქართველომ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლა. ჩვენებს კობა ჟორჟიკაშვილი წვრთნიდა. სახელებით თუ ავიღებთ, მართლაც ძლიერი მეტოქეები გვერგო - ინგლისი თავისი სტირლინგით, შვედეთი და პოლონეთი. პირველ შეხვედრაში ქართველებმა პოლონელებს 2:1 სძლიეს, მეორე ტურში ინგლისთან 1:1 ითამაშეს, ხოლო მესამეში ფრეც აწყობდათ შვედეთთან.

დაძაბული და საინტრესო თამაში გამოდგა. მეტწილად ჩვენები ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა დაახლოებით ათი წუთი რჩებოდა მატჩის დასრულებდამდე, როცა მეკარე გაბრიელ თებიძემ რთული ბურთი მოიგერია. ბოლოს კი ქართველებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, თემურ მარკოზაშვილმა ჩააწოდა და გურამ სამუშიამ თავით გაიტანა. სამუშია და მარკოზაშვილი ამჟამად ერთად თამაშობენ "სამტრედიაში".

1:0 გავიმარჯვეთ. "ქართველებმა შვედური მაგიდა დაშალეს" - ასეთი სათაური გვქონდა ამ მატჩის მიმოხილვაზე.

იმ საკვალიფიკაციოზე გამოირჩეოდა ბაჩანა არაბული - პოლონელებსა და განსაკუთრებით, ინგლისს ლამაზი გოლები გაუტანა.

შვედეთთან გოლის ვიდეო

23.10. 2010. თბილისი. "დინამო არენა".

საქართველო - შვედეთი 1:0 (0:0)

საქართველო: თებიძე, მთივლიშვილი, კახიძე (ცნობილაძე 66), სანდოხაძე, მონიავა, გოგიჩაიშვილი (ფანცულაია 52), ჰუფნაგელი, ენდელაძე, დიასამიძე (მარკოზაშვილი 52), არაბული, სამუშია

შვედეთი: სტარლანდერი, ი.ანდერსონი, ო.ანდერსონი, აუგუსტინსონი (სოდერსტრიომი 71), ფორსელი, ლარსონი, სტალი, პივოვსკი, ოვუსუ (ტიბლინგი 59), ისლამოვიჩი, ესპლინგი (სიობერგი 41)

გოლი: 1:0 სამუშია (80)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152516