ჭიდაობა

22:20 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვანიშვილი და ბერაძე ევროპის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ

დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საქმე უკვე მოილიეს. დღეს საპრიზო სამეულები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში შეივსო. საქართველოს ნაკრებს მონაწილე ოთხივე წონაში ჰყავდა და ორმა მათგანმა პოდიუმზე ასვლაც შეძლო – თეიმურაზ ვანიშვილმა (55 კგ) და ზაურ ბერაძემ (84 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ვანიშვილმა უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ბულგარელ მიკიაი სალიმ ნაიმთან წაგებით (4:8). იქამდე თურქი ერთუგრულ კაჰვეჩი (6:3) და საფრანგეთის ნაკრების წევრი არმან ელოიანი (6:2) ჩამოიცილა. რეპეშაჟის ფინალში კი რუს ალიკ ხადარცევს დაუპირისპირდა და 8:6 დაამარცხა.

ზაურ ბერაძემ (84 კგ) ევროპირველობა მაკედონიელ მიხაილ ნიკოლოვთან დაჭიდებით და ადვილი გამარჯვებით (10:0) გახსნა. მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ჰაჯიმურატ მაგომედსაიდოვთან დამარცხდა (0:10) და ისღა დარჩენოდა, მის ფინალში გასვლას დალოდებოდა, თავად ბრინჯაოს მედლისკენ მიმავალი გზა რომ გახსნოდა. ასეც მოხდა, ბერაძე რეპეშაჟში გადაერთო. იქ ჯერ იტალიელ გაბრიელე დოროს აჯობა (10:0), გადამწყვეტ ბრძოლაში კი სომეხი ჰოვანეს მხითარიანი მე-4 წუთის ბოლოს გააკრა ხალიჩას ბეჭებით.

ნაკრების უმძიმეს წევრს - ზურიკო ურთაშვილს საპრიზო სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. ვანიშვილის მსგავსად, ძირითად ბადეში ისიც ნახევარფინალამდე მივიდა. საწყის ეტაპებზე აზერბაიჯანელი უმარ ისრაილოვი (9:6) და შვედი ფარდინ ანოშეჰი (12:2) დაამარცხა. ფინალის საგზური კი რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედამინ დიბიროვთან დაკარგა. დაძაბული შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა, მაგრამ ეს შედეგი ხელს დიბიროვს აძლევდა. "ბრინჯაოს ფინალში” ურთაშვილი მოლდოვის ნაკრების წევრ სამან ჯაბრაილოვს დაუპირისპირდა და კიდევ ერთი არასასურველი ფრით (6:6) საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

დღესვე, საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მირზა სხულუხიაც ჩაება. პირველ შეხვედრაში სომეხ გევორგ მხეიანს სძლია (4:2), მაგრამ მეოთხედფინალში მოლდოველ ნიკოლაი გრამეზთან წააგო (8:10) და ჩემპიონატს გამოეთიშა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი 5 მედლით დაასრულა. გუშინ ევროპოდიუმზე სამი ქართველი ავიდა. გივი მაჭარაშვილი (96 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ნიკა კენჭაძე (74 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ედემ ბოლქვაძე (60 კგ) – ბრინჯაოს.

ხვალ და ზეგ შეჯიბრება ქართველების გარეშე გაგრძელდება, რადგან ევროხალიჩაზე ქალები გავლენ. 1-2 ივლისს კი კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოავლენენ და საქმეში საქართველოს ნაკრებიც ჩაერთვება.

0.117545