კალათბურთი

22:35 | 24.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ზაზა I’’ საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონია

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა შორის. პირველი ადგილი და ოქროს მედლები ,,ზაზა I’’-მა მოიპოვა, რომელმაც პლეი-ოფის ფინალურ სერიაში ,,ჰიუნდაი’’ 2:1 დაამარცხა.

მომავალმა ჩემპიონმა რეგულარული პირველობა დაუმარცხებლად დაასრულა და რაღა თქმა უნდა, პირველი ადგილი დაიკავა. ,,ზაზა I’’- თვის პლეი-ოფის მატჩები, რეგულარულთან შედარებით უფრო რთული გამოდგა. მართალია, დეიან პროკიჩისა და ლექსო ლაფანაშვილის აღსაზრდელებმა ნახევარფინალური და ფინალური სერია წაგებით დაიწყეს, მაგრამ საბოლოო გამარჯვებას მაინც მიაღწიეს.

ფინალური სერიის როგორც მეორე, ისე მესამე შეხვედრაში, ორივე გუნდმა აქცენტი დაცვაზე გააკეთა. ამით შეიძლება აიხსნას, რომ ამ შეხვედრების ქულათა საერთო რაოდენობა ორნიშნა რიცხვს ვერ ასცდა.

ფინალური სერიის მესამე შეხვედრა ,,ზაზა I’’- ის უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი მეოთხედი 14 ქულის სხვაობით 24:7 მოიგო. მომავალმა ჩემპიონმა უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და დიდი ანგარიშით, 61:32 შეძლო მეტოქის დამარცხება.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები ,,ზაზა I’’-ის კალათბურთელები ვლადიმერ ალავიძე და ნიკა მეცხვარიშვილი იყვნენ, რომლებმაც 13-13 ქულა დააგროვეს. ,,ჰიუნდაის’’ მხრიდან ყველაზე შედეგიანი აკაკი ფიფიას ანგარიშზე კი 8 ქულაა.

ფინალურ სერიაში დაწესებული იყო ვეტერანი კალათბურთელების, რევაზ გოგელიასა და ვალერი ალთაბაევის სახელობის თასი, რომელიც ,,ზაზა I’’-ის კაპიტანს გადაეცა.

ჩემპიონებს მედლები და ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი შერმადინმა გადასცა.

ზაზა I - ჰიუნდაი 61: 32

(24:7, 9:13, 17:6, 11:6)

0.121153